რატომ მიიღეს ბუნებრივი აირის გაზრდილი გადასახადი მომხმარებლებმა
ახალციხეში, მოსახლეობის ნაწილი იანვრის თვეში ბუნებრივი აირის გაზრდილი გადასახადის გამო ჩივის. მოქალაქეების ვარაუდით, ,,ასტრონომიული ფასები" ქვითარზე გაძვირებული ,,გაზის გადასახადის" შედეგია.
,,ხალხო დაწერეთ ერთი გაზის გადასახადი რამდენი მოგივიდათ? ასტრონომიული ფასები სახლშიც და ოფისშიც" - წერენ ფეისბუქმომხმარებლები.
,,13 იანვრის მერე სახლში არ ვყოფილვართ, შესაბამისად გათბობა არ გვქონდა ჩართული. გამოდის რომ 12 დღის გადასახადია - 125 ლარი" - აღნიშნავს ლილიტ ოგანესიანი.
,,99 ლარი და 77თეთრი.. ძალიან მიკვირს, ალბათ გაძვირდა გაზი" - ვარაუდობს მანანა კაჭკაჭაშვილი.
,,მთელი დღე სახლში არ ვართ, დილის 9-ის ნახევარზე გამოვდივართ სახლიდან და საღამოს 9-ის ნახევარზე შევდივართ სახლში. Ჩართულს არ ვტოვებთ, საიდან ამდენი გადასახადი" - აღნიშნავენ ახალციხელები.
როგორც „ინტერგაზის“ ახალციხის ოფისის დირექტორი ვასილ აბულაძე აცხადებს, წინა წლებთან შედარებით, გაზის ხარისხი სტანდარტებს შეესაბამება და ის მუდმივად მოწმდება გაზის ტრანსპორტირების კომპანის მიერ.
„რაც შეეხება მომხმარებლების პრეტენზიებს ზამთრის თვეებში მისულ გაზის გაზრდილ გადასახადთან დაკავშირებით, ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, ქვეყანაში გაზის მოხმარება მუდმივად იზრდება და მომხმარებლებს ის გადასახადი მიუვიდათ, რა რაოდენობის გაზიც მოიხმარეს.
გარდა ამისა, წინასაახალწლო დღეებში, მრიცხველის ჩვენების აღება 27-28 -29 დეკემბერს მოხდა, შესაბამისად დეკემბრის დარჩენილი დღეებიც იანვრის ქვითარშია ასახული. ფასი არ გაძირებულა და ისევ 0.493 ლარს შეადგენს“, - განმარტავს „ინტერგაზის“ ახალციხის ოფისის დირექტორი ვასილ აბულაძე.