"ნუ გახვალთ კიბეზე, აივანზე... " - რჩევები, რომლებიც მიწისძვრის დროს გამოგადგებათ
როგორ უნდა მოიქცეთ მიწისძვრის დროს? - ამონარიდი სამოქალაქო უსაფრთხოების წესებიდან, რომლებიც თბილისის მერიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
"შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ნუ ჩავარდებით პანიკაში!
თუ მიწისძვრის დროს თქვენ იმყოფებით შენობის შიგნით, დაწექით იატაკზე მაგიდის ან სხვა რომელიმე ავეჯის ქვეშ და მაგრად მოეჭიდეთ, სანამ რხევა არ შეწყდება;
იმ შემთხვევაში, თუ ახლომახლო არ არის არც მაგიდა და არც მერხი, დაიფარეთ თავი და სახე მკლავებით და იატაკზე დაწექით შენობის შიდა კუთხეში;
თავი შორს დაიჭირეთ ფანჯრისგან, გასასვლელი კარისგან, ყველაფრისგან, რაც შეიძლება ჩამოვარდეს. ნუ ეცდებით შენობის სასწრაფოდ დატოვებას, რადგან მიწისძვრის დროს ხალხი უმეტესწილად იმიტომ იღუპება, რომ შენობიდან გამორბის და, მისი ჩამოქცევის შემთხვევაში, ნანგრევების ქვეშ ექცევა;
ნუ გახვალთ კიბეზე, აივანზე ან ლიფტში;
კარის ღიობი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენეთ თავშესაფრად, თუ ის თქვენთან ყველაზე ახლოსაა, შენობა არ არის ძალიან ძველი და თქვენც დარწმუნებული ხართ იმაში, რომ მის ქვეშ თავს დაცულად იგრძნობთ;
თუ მიწის რხევის დროს თქვენ იმყოფებით ქუჩაში, მოერიდეთ შენობებთან სიახლოვეს. შეეცადეთ, გახვიდეთ ღია სივრცეში და მოერიდოთ ელექტროგადამცემ ხაზებს;
თუ სახლში ხართ, სწრაფად გამორთეთ ელექტრომოწყობილობა და გადაკეტეთ გაზი;
თუ თქვენ აღმოაჩენთ, რომ კარი გაიჭედა, ნუ შეგეშინდებათ, ეს შენობის დეფორმაციითაა გამოწვეული. ნუ შეგაშინებთ, ასევე, ჭურჭლის, მინის და სხვა მსხვრევადი საგნების ხმაური; ეს თან სდევს მიწისძვრას;
თუ საწოლში ხართ, არ გაინძრეთ, დაიფარეთ თავზე ბალიში შესაძლო ტრავმების ასაცილებლად;
თუ მიწის რხევას შეიგრძნობთ მანქანაში ან სხვა რაიმე ტრანსპორტში, დარჩით შიგნით და თავი აარიდეთ შენობების, ხიდებისა და ხეების ქვეშ გაჩერებას. მანქანიდან არ გადმოხვიდეთ. მეტად უსაფრთხოა, თუ შიგ დარჩებით, რადგან მანქანასაც შეუძლია თქვენი დაცვა" - ნათქვამია მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.