თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15 383-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
კერძოდ, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მიწისძვრას თურქეთში მინიმუმ 12 391 ადამიანი ემსხვერპლა. სირიაში კი, დაღუპულთა რაოდენობამ 2 992-ს მიაღწია.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა ორივე ქვეყანაში კიდევ გაიზრდება და შესაძლოა გაორმაგდეს, რადგან ასობით ჩამონგრეული შენობიდან ადამიანების ნაწილის გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ორშაბათს დილით მოხდა და რამდენიმე საათში მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა.