"ჩვენ ქვეყანაში ომია, მაგრამ უნდა დავეხმაროთ" - უკრაინამ თურქეთში მაშველები გაგზავნა
უკრაინამ თურქეთში მიწისძვრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩასართავად მაშველების უკვე მეორე ჯგუფი გაგზავნა. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, სულ თურქეთში დასახმარებლად 87 უკრაინელი მაშველი იმყოფება, გაიგზავნა ტექნიკის 18 ერთეული და 10 ძაღლი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპიკერი ალექსანდრ ხარუჟნი ამბობს, რომ ნომერ პირველი ამოცანა რაც შეიძლება მეტი ადამიანის ნანგრევებიდან ამოყვანაა. მისივე თქმით, უკრაინიდან გაგზავნილი ჯგუფები ყველა შესაბამისი ტექნიკით არიან აღჭურვილი, მათ შორის დრონებით და სტარლინკის ტერმინალებით.
"ჩვენ ქვეყანაში ომია, მაგრამ გვესმის, რომ უნდა დავეხმაროთ და ეს დახმარება ორმხრივია. სხვა ხერხი ამის გაკეთების არ არსებობს... იმედი ყოველთვის არსებობს და ჩვენ უწყვეტად ვმუშაობთ", - თქვა ხარუჟნიმ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 21 000-ს გადააჭარბა.