რამდენი ძაღლი გადაიყვანეს გორის თავშესაფარში ახალციხიდან?
ქალაქ ახალციხის მოსახლეობისთვის მიუსაფარი ცხოველების პრობლემა წლებია ერთ-ერთი აქტუალური თემაა. თუმცა ამ დრომდე ვერ ხდება ამ საკითხის მოგვარება. ერთადერთ გამოსავლად მუნიციპალიტეტის მერიას ცხოველების სხვა ქალაქში ჩაყვანა, სტერილიზაცია და კასტრაცია მიაჩნია.
მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვა მერიამ „ახალციხის სერვის ჯგუფს“ მიანდო. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის ა(აიპ) -მა გორში 8 ძაღლი ჩაიყვანა, ვაქცინაცია, კასტრაცია-სტერილიზაცია ჩაუტარა და უკან დააბრუნა. გასულ წელს კი 24 მიუსაფარი და ამაში 3 000 ლარი დაიხარჯა.
ახალციხის მერიაში თავშესაფრის მშენებლობაზე საიმედოს ვერაფერს ამბობენ, თუმცა მერი გვპირდება, რომ დაწესებულება ბორჯომში აშენდება და ახალციხიდან გორის ნაცვლად, ცხოველებს მეზობელ მუნიციპალიტეტში ჩაიყვანენ.
უპატრონო ცხოველების მიერ დაზარალებული ადამიანების სტატისტიკა არც ისე საიმედოა. ერთ წელში, ძაღლებმა 320 პირი დაკბინეს და დაკაწრეს. მოსახლეობა ქუჩაში მომრავლებულ უპატრონო ცხოველებზე ჩივის. ქალაქში მიუსაფარ ძაღლებს შეხვდებით ყველგან - ქალაქის ცენტრალურ პარკში, ქუჩებში, სკვერებსა თუ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში. ადგილობრივების თქმით, ცხოველები ხშირად აგრესიულები არიან. ამ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი თავშესაფრის მშენებლობაა.
ხელისუფლებამ თავშესაფრის მშენებლობა ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ დააანონსა. 2018 წელს სამცხე-ჯავახეთს მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის პროექტი აჩუქეს, ამის მიუხედავად, ექვს თვეში მუნიციპალური განვითარების ფონდმა ცხოველთა რეგიონული თავშესაფრის ახალი პროექტი 35 000 ლარად შეიძინა. მაშინ ხელისუფლება მოქალაქეებს ჰპირდებოდა, რომ 2020 წელს ახალციხეს ცხოველთა თავშესაფარი ექნებოდა, მაგრამ პროექტი ამ დრომდე არ განხორციელებულა. ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები ხელისუფლებას დაპირებას ხშირად ახსენებენ და თაროზე შემოდებული პროექტის განხორციელებას სთხოვენ.
შესყიდული პროექტის განხორციელებას და ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობას რამდენიმე მილიონი ლარი სჭირდება. მუნიციპალური განვითარების ფონდში ამბობენ, რომ ბიუჯეტში ამდენი თანხა არ არის და ძვირადღირებული პროექტის დასაფინანსებლად ხუთი წელია დონორს ეძებენ.