სპეცრაზმი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებს
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ვითარება დაძაბულია. სპეცრაზმმა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გაუშვა.სპეცრაზმი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებს.
ცოტა ხნის წინ შსს-მ განცხადება გაავრცელა და აქციის მონაწილეებს მოუწოდა, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შსს აცხადებს, რომ ამ ქმედებებს აღკვეთენ.
დღეს გიორგი ვაშაძემ ხელისუფლებას აქციაზე ორი მოთხოვნა წაუყენა, მათ შორის რუსული კანონის გაწვევა და დაკავებულების გათავისუფლება. მან ქართულ ოცნებას ერთი საათი მისცა - ვადის ამოწურვის შემდეგ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ორივე მხრიდან პარლამენტის გარშემო ასულიყვნენ და ალყაში მოექციათ შენობა.
ქართულმა ოცნებამ 7 მარტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 მარტს დილის 09:30 საათიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც რუსული კანონის განხილვას აპროტესტებდნენ. აქტივისტები მას შემდეგ დაიშალნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ კანონს 9 მარტს განიხილავდნენ. თუმცა მამუკა მდინარაძის ინიციატივით, კანონი პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათის ნაცვლად სამშაბათს, 7 მარტს, განიხილეს.
განხილვის დაწყებისთანავე მოსახლეობა კვლავ პარლამენტთან შეიკრიბა. მას შემდეგ, რაც ოცნებამ, პირველი მოსმენით, რუსული კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა ტერიტორიაზე ვითარება გამწვავდა.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში სპეცრაზმი იყო მობილიზებული. ასევე, მობილიზებული იყო წყლის ჭავლის მანქანა.
აქტივისტების რაოდენობის გაზრდის შემდეგ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზის გამოყენება დაიწყო, ასევე გაუშვა წყლის ჭავლი.
პროტესტის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი განცხადება გაავრცელა და ირწმუნებოდა, რომ აქციაზე, სადაც მოქალაქეებს არბევდნენ, "პროპორციული ძალა გამოიყენეს".
ამ დროის მონაცემებით, ჯამში 76 მოქალაქეა დაკავებული, მათ შორის გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე. ადვოკატის ცნობით, ჯაფარიძე ნაცემია და ხელკეტების რტყმისგან დაზიანებები აქვს თავზე.