საზოგადოება
იუსუფელი - საქართველოსა და თურქეთის ჩაძირული ისტორია
ჰამზეთის ეკლესია. იუსუფელის განაპირას ჭოროხის პირას გორაკზე მდგარი
თურქეთში, ართვინის პროვინციაში მდებარე პატარა ქალაქი იუსუფელი თანდათან ქრება. დასახლება, რომელიც თურქეთის უდიდესი, მსოფლიოში სიდიდით მეხუთე კაშხლის ქვეშ მდებარეობს, წყლით იფარება. კაშხლიდან წყალი გამოდის და ტერიტორია უკვე დაიტბორა. გიგანტური კაშხლის პროექტის მიხედვით, რეგიონში 19 სოფელი და იუსუფელის ცენტრი წყლით დაიფარება.
ქალაქის დატბორილი ნაწილის სანაცვლოდ ააშენეს ახალი უბანი, „ახალი იუსუფელი“, სადაც აქ მცხოვრები მოსახლეობა გადავიდა საცხოვრებლად. კაშხალი ელექტროენერგიის გამომუშავებას 2023 წლის 29 მაისს დაიწყებს.
კაშხალი ოფიციალურად თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა 2022 წლის ნოემბერში გახსნა. მან თქვა, რომ იუსუფელებმა დატოვეს სახლები, სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ, სამუშაო ადგილები და წარსული, რომ ქვეყნის განვითარებისთვის შეეწყოთ ხელი. თურქეთის ყველაზე დიდი და მსოფლიოში სიდიდით მეხუთე წყალსაცავი „იუსუფელი“ გასული წლის ნოემბერში გაიხსნა.
წყალსაცავის კაშხლის სიმაღლე 275 მეტრია, რაც ასსართულიანი შენობის სიმაღლეს შეესაბამება. წყლის საერთო მოცულობა 2 მილიარდ 130 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს. წყალსაცავის მშენებლობა ქალაქ ართვინიდან 70 კილომეტრის დაშორებით 2012 წლიდან მიმდინარეობს. მედიის ცნობით, ახალი ჰესი გამოიმუშავებს 1,9 მილიარდ კვტ/სთ ენერგიას, რაც თურქეთს წლიურ შემოსავალს – 5 მილიარდ ლირას მოუტანს.
სოციალური ქსელების მომხმარებლების ცნობით, ,,ერთი კარგი ამბავი მაინც მოხდა წყალში ჩასაძირად განწირულ იუსუფელში. ადამიანებმა შეამჩნიეს ქუჩის ცხოველები (ძაღლები და კატები), რომლებიც წყლის ადიდების შემდეგ შენობების სახურავებსა და აივნებს აფარებდნენ თავს (ზოგი მათგანი თავიანთ ნაშიერებთან ერთად). მათ გარდაუვალი დაღუპვა ელოდებოდათ, რომ არა ეს კეთილი ადამიანები, რომლებიც გასაბერი ნავებით შევიდნენ მათ გამოსაყვანად. ყველა ცხოველი გადაარჩინეს" - წერს ზურა ბატიაშვილი.
,,ძნელია, მაგრამ ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ ბოლოჯერ შეხედოთ ქ. იუსუფელს. ციფრებით აღნიშნულია:
1 - ძველი შესასვლელი გზა ქალაქში;
2 - მთავარი გრძელი ქუჩა (İnönü Caddesi), სადაც განთავსებული იყო სავაჭრო და კვების ობიექტები;
3 - პარხლისკენ მიმავალი გზა;
4 - ხიდი, რომელზეც უნდა გადასულიყავით, თუ ოთხთა ეკლესიისკენ გსურდათ წასვლა;
5 - ოთხთას ეკლესიისკენ მიმავალი გზა;
6 - ცნობილი სასტუმრო "ალმატური";
7 - მშენებარე ახალი ხიდის ბურჯები (ამ ხიდით ერთმანეთს დაუკავშირდება ართვინი და ახალი იუსუფელი. ეს უკანასკნელი იქვე მთის ფერდებზე გააშენეს);
8 - ართვინისკენ მიმავალი ახალი გზის გვირაბი.
როგორც ფოტოდანაც ჩანს, შენობების ნაწილი დაშალეს, მეორე ნაწილის დაშლა კი ვერ მოასწრეს, რადგან ამ დღეებში მოსული ნალექის გამო სწრაფად ადიდდა ჭოროხი და პარხლისწყალი და მალევე დაიწყო ქალაქის დატბორვა. რამდენი ამბავი და მოგონება რჩება წყლის ქვეშ... მშვიდობით, ძველო და ნაღდო იუსუფელო!" - წერენ ფეისბუქში.
წყალმა ასევე დატბორა ეკლესიები და მეჩეთები.
ართვინის ვილაიეთში შემავალ იუსუფელის რაიონს აღმოსავლეთით არზრუმის ვილაიეთის ოლურისა და ოლთისის რაიონები ესაზღვრება, სამხრეთით _ არზრუმის ვილაიეთის უზუნდერეს რაიონი, სამხრეთ-დასავლეთით არზრუმის ვილაიეთის ისპირის რაიონი, ჩრდილო-დასავლეთით რიზეს ვილაიეთის ჩამლიჰემშინის რაიონი, ჩრდილოეთით ართვინის ცენტრალური, არჰავის და მურღულის რაიონები.
იუსუფელის რაიონის 60 სოფლიდან 3 ქართულია. დანარჩენი სოფლები ან თურქულია ან მოგვიანებით გათურქებული. ეს ქართული სოფლებია: ბალჯილი (ბარხი, ფარხი), ბიჩაქჩილარი (ხევეკი) და იუქსექობა (ქობაქი).
გააზიარეთ :