„ყველაზე რთული ჩვენთვის აბასთუმანია“ - ლაშა პაპაშვილი კურორტზე არსებულ მდგომარეობაზე
კომპანია „რედიქსის“ დამფუძნებლის ლაშა პაპაშვილის განცხადებით, ტურისტული პროექტების განხორციელებისას ყველაზე რთულად შესასრულებელი აბასთუმანში დაგეგმილი პროექტებია, კურორტზე მინიმალური ინფრასტრუქტურაც არ არსებობს.
ბიზნესმენი ამბობს, რომ კურორტს აბასთუმნის რეკლამირება აუტანელ შრომას საჭიროებს.
„ყველაზე რთული ჩვენთვის აბასთუმანია. ურთულესია იმ რეგიონის პრომოუშენი, დადეველოპერება და განვითარება, სადაც ათწლეულებია ინფრასტრუქტურა არ არსებობს და შენ ნულიდან იწყებ, სასმელი წყლით დაწყებული ყველა მინიმალური მოთხოვნით დასრულებული. აუტანელი შრომაა. აქ სახელმწიფოს შრომა ვერ შველის, ბიძინა ივანიშვილს კი ერთ-ერთი სასტუმრო აქვს, მეტი რას შველის...“, - ამბობს პაპაშვილი.
მისი თქმით, ქვეყანა კურორტ აბასთუმანში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ბიზნესმენს მაგალითისთვის დედაქალაქში სამრეცხაოების დეფიციტი მოაქვს და პარალელს აბასთუმანთან ავლებს.
„თბილისში სამრეცხაოების უკიდურესი დეფიციტია. მრეცხავები არ გვყავს. თუ იქნება პიკი ქალაქში ერთ-ერთი დიდი პრობლემა სამრეცხაოებია, რადგან რამდენიმე გაკოტრდა და დახურა... წარმოვიდგინოთ აბასთუმანი, 230 კილომეტრია თბილისიდან, იქ ისეთი ინფრასტრუქტურა არ არის შექმნილი“, - აღნიშნავს ბიზნესმენი და დასძენს, რომ აბასთუმანს გამაჯანსაღებელი ტურიზმის მიმართულებით ძალიან დიდი რესურსი აქვს.
ცნობისთვის, კომპანია „რედიქსი“ აბასთუმანში 60 მლნ დოლარის ღირებულების 3 პროექტს ახორციელებს, აქედან სასტუმრო „აღობილის“ საინვესტიციო ღირებულება - 30 მლნ დოლარი, „სამეფო აბანოების“ – 15 მლნ დოლარი, ხოლო საოჯახო სასტუმრო „ვარძიასი“ – 15 მლნ დოლარია.