22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება
ყოველწლიურად 22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება. ღონისძიება პირველად 1970 წელს აღნიშნეს. მას შემდეგ, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებაში, 200-მდე ქვეყნის მილიონობით მოხალისე იღებს მონაწილეობას.
საქართველოში თარიღი პირველად 1990 წელს აღინიშნა. დედამიწის დღის დაფუძნებით საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარების მორიგ იდეას. სუფთა და ჯანსაღი გარემოსთვის ბრძოლა ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება, რადგან კლიმატის ცვლილებები ყოველდღიურად უფრო და უფრო აშკარა ხდება. ცნობიერების ზრდასთან ერთად იზრდება სამოქალაქო საზოგადოების მობილიზაციაც, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში კლიმატის ცვლილებას ერთიანად აპროტესტებს. 22 აპრილი ამ თვალსაზრისით გამორჩეული თარიღია.
დედამიწის დღე საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი საერო სადღესასწაულო ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა კუთხეში ყოველწლიურად მილიარდზე მეტი ადამიანი აღნიშნავს. ეს დღე ატარებს იდეას, რომელიც ემსახურება გლობალური, ეროვნული თუ ადგილობრივი პოლიტიკის ცვლილებას პლანეტის სასიკეთოდ.
თარიღთან დაკავშირებით ახალციხის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა. მონაწილეებმა პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს ცენტრალური საავტომობილო გზისპირები ცხრა ლოკაციაზე, ქალაქ ახალციხიდან სოფელ აწყურის მიმართულებით. გარემოსდაცვით ღონისძიებას 120-მდე მონაწილე შეუერთდა.
აქცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ ინიციატივით და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.