საზოგადოება
Georgian Airways თბილისი-მოსკოვის ბილეთებს ყიდის
Georgian Airways, ერევნის გავლით, თბილისი-მოსკოვის ბილეთებს ყიდის. უახლოესი რეისი 6 მაისს სრულდება და ბილეთის ფასი 1 169 ლარიდან იწყება.
Georgian Airways-ის ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, რეისებს ავიაკომპანია Air Dilijans ასრულებს. ტრანსფერის დრო 30 წუთია.
Georgian Airways-ის ხელმძღვანელმა, თამაზ გაიაშვილმა "ბიზნეს ფორმულას" ბილეთების გაყიდვის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურა და განაცხადა, რომ სომხური კომპანიის ბილეთებს 2017 წლიდან ყიდის.
გაიაშვილი განმარტავს, რომ მსგავსი წესით ბილეთებს სხვა ავიაკომპანიებიც ყიდიან.
ინფორმაცია თავდაპირველად Izvestia-მ გაავრცელა. რუსული გამოცემა წერს, რომ თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ბილეთების გაყიდვის შესახებ Georgian Airways-მა 2 აპრილს განუცხადა.
გამოცემის ინფორმაციითვე, Georgian Airways-მა ბილეთების გაყიდვა მას შემდეგ დაიწყო, რაც სომხეთის ავიახაზებს - Armenia Airlines-ს სახელი გადაერქვა და Air Dilijans გახდა. სახელის გადარქმევის შესახებ განცხადება ავიაკომპანიის ვებგვერდზე 2023 წლის 20 მარტს გამოქვეყნდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა კვლავ შეწყვეტილია. რუსეთის ფედერაციამ საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2019 წლის 8 ივლისს, ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ შეაჩერა. ბოლო დროს პირდაპირი რეისების აღდგენაზე ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მიმდინარე წლის 18 იანვარს იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები უახლოეს მომავალში აღდგება.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მაშინ თქვა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას მიესალმება, რადგან ეს საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობას შეამსუბუქებდა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრენების აღდგენის იდეა არ მოიწონა და თქვა, რომ უმრავლესობის არგუმენტები მისთვის მიუღებელია.
თამაზ გაიაშვილის თქმით, უახლოეს მომავალში თბილისი-მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების განახლების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
გააზიარეთ :