საზოგადოება
პირველი ივნისიდან ტვირთის ხელით აწევის წესები იცვლება
მთავრობამ ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა. როგორც დადგენილებაშია აღნიშნული რეგლამენტი ადგენს სამუშაო სივრცეში ტვირთის ხელით აწევისას (განსაკუთრებით ზურგის დაზიანების რისკის პირობებში) დასაქმებულთა და სხვა პირთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალურ მოთხოვნებს.
დოკუმენტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია მიიღოს სათანადო ორგანიზაციული ზომები ან გამოიყენოს შესაბამისი საშუალებები, განსაკუთრებით მექანიკური მოწყობილობები, რათა თავიდან აიცილოს დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა მიერ ტვირთის ხელით აწევის აუცილებლობა.
ხოლო იქ, სადაც შეუძლებელია ტვირთის ხელით აწევის თავიდან აცილება, დამსაქმებელი ვალდებულია:
- მიიღოს სათანადო ორგანიზაციული ზომები, გამოიყენოს შესაბამისი საშუალებები ან უზრუნველყოს დასაქმებულები და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირები ასეთი საშუალებებით, რათა შემცირდეს ტვირთის ხელით აწევასთან დაკავშირებული რისკები;
- სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, თუ ეს შესაძლებელია, წინასწარ შეაფასოს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პირობები და შეისწავლოს ტვირთის მახასიათებლები;
- მიიღოს შესაბამისი ზომები დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა მიერ ჯანმრთელობის (განსაკუთრებით ზურგის) დაზიანების რისკის თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად და ამ მიზნით გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები სამუშაო გარემოს მახასიათებლებისა და სამუშაოს სპეციფიკის შესაბამისად;
- სამუშაო სივრცე მოაწყოს ისე, რომ ტვირთის ხელით აწევა იყოს დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო.
- „ტვირთის ხელით აწევამ შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობისათვის (განსაკუთრებით ზურგის) ზიანის მიყენების რისკი, თუ ტვირთი: მეტისმეტად მძიმე ან მეტისმეტად დიდია; მოუხერხებელი ან ხელმოსაჭიდად რთულია; მოძრავია ან აქვს მოძრავი შიგთავსი; ისეა განთავსებული, რომ მისი აწევა ან გადაადგილება მოითხოვს სხეულის ზედა ნაწილიდან ტვირთის მოშორებას, სხეულის ზედა ნაწილის დახრას ან სხეულის ზედა ნაწილის მობრუნებას; კონფიგურაციის ან/და კონსისტენციის გამო შესაძლოა ზიანის მომტანი იყოს დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირისთვის, განსაკუთრებით შეჯახების შემთხვევაში.
- ფიზიკურმა ძალისხმევამ შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობისათვის (განსაკუთრებით ზურგის) ზიანის მიყენების რისკი, თუ ფიზიკური დატვირთვა: გადაჭარბებულია; გამოწვეულია მხოლოდ სხეულის ზედა ნაწილის შემობრუნების შედეგად; შესაძლოა უკავშირდებოდეს ტვირთის უეცარ მოძრაობას; მომდინარეობს სხეულის არა მყარი/სტატიკური მდგომარეობიდან.
- სამუშაო გარემოს მახასიათებლებმა შესაძლოა გაზარდოს ჯანმრთელობისათვის (განსაკუთრებით ზურგის) ზიანის მიყენების რისკი, თუ: არ არის საკმარისი სივრცე ტვირთის გადასაადგილებელი მოქმედებების განსახორციელებლად, განსაკუთრებით – ვერტიკალურად ტვირთის გადაადგილების დროს; იატაკის ზედაპირი უსწორმასწორო ან სრიალაა, რაც ქმნის წაბორძიკების/წაქცევის ან ფეხსაცმლის ასრიალების რისკს; სამუშაო ადგილი ან სამუშაო გარემო არ იძლევა ტვირთის უსაფრთხო სიმაღლეზე აწევის ან დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირისთვის მოსახერხებელ მდგომარეობაში მოძრაობის საშუალებას; იატაკის დონე ან სამუშაოს ზედაპირი არის მრავალდონიანი, რაც განაპირობებს ტვირთის სხვადასხვა სიმაღლეზე გადაადგილებას; იატაკი ან ფეხის სადგამი არამყარია; ტემპერატურა, ტენიანობა ან ვენტილაცია არ შეესაბამება სამუშაო პირობებს,“- ნათქვამია დოკუმენტში.
ცნობისთვის, დადგენილება 2023 წლის 1-ლი ივნისიდან ამოქმედდება.
გააზიარეთ :