„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებს დღეს განიხილავენ
მთავრობის ინიციატივით „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტშია და განხილვის დასაწყებად ბიუროს დღეს, 12 ივნისის სხდომაზე წარედგინება.
კანონპროექტი იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა, რომლის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირი, სხვა უცხოელებისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეობას ჩვეულებრივი წესით მოიპოვებს - საქართველოში 5 წლის განმავლობაში კანონიერად ცხოვრების შემდეგ. მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მოსაპოვებლად მან ამავე კანონით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს სახელმწიფო ენის, ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნასთან, აგრეთვე საქართველოში მუშაობასთან, უძრავი ქონების, საწარმოში წილის ან აქციების ფლობასთან ან საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით.
ამავე პროექტის გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებით დაინტერესებულ პირთა მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონე შემოწმდება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით განცხადების სააგენტოში ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში წარდგენამდე, ამავე სააგენტოს მიერ. შესაბამისი პროცედურა, ცოდნის დონის შემოწმების წესი და საფასურის ოდენობა იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება.
ამასთან, საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმების შედეგები, რომელიც დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას აძლევს, მიმართოს სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადებით, ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება.
კიდევ ერთი სიახლე, რაც “საქართველოს მოქალაქეობის“ შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით შემოდის, არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვების შესახებ განცხადებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოებისთვის განმეორებით მიმართვის ვადა 1 წლიდან 6 თვემდე მცირდება.