ცვლილებები, რომლებიც საქართველოში ხვალიდან ამოქმედდება
ხვალიდან, პირველი ივლისიდან საქართველოში რამდენიმე ცვლილება ამოქმედდება.
გთავაზობთ მოკლე ინფორმაციას ამ ცვლილებების შესახებ:
1-ლი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 200 ლარი გახდება
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვები 150 ლარის ნაცვლად 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ. ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ამ პროგრამისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტს 70 მლნ ლარი დაემატება. ჯამში, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების გადასახდელად, წლის განმავლობაში ნახევარ მილიარდ ლარამდე იქნება გამოყოფილი. აღნიშნული ცვლილება შეეხება დაახლოებით 233 000 ბავშვს.
1-ლი ივლისიდან კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების შესახებ რეგლამენტი ამოქმედდება
ტექნიკური რეგლამენტი მოხმარებისთვის განკუთვნილი კაკაოსა და შოკოლადის პროდუქტების შესახებ“ 2021 წელსაა გამოქვეყნებული და ახლა, 1-ლი ივლისიდან შევა ძალაში. ეს დაარეგულირებს იმ საკითხს, რომ კაკაოსგან დამზადებულ სხვადასხვა პროდუქტს თავისი სახელი ერქვას. ამ რეგლამენტის მიზანი, ისევე როგორც სხვა პროდუქტებთან დაკავშირებით მსგავსი რეგლამენტების, არის ის, რომ მომხმარებელი არ შევიდეს შეცდომაში და ყველა პროდუქტს თავისი სახელი ერქვას. შოკოლადის რეგლამენტი განსაზღვრული და დაწერილია ევრორეგულაციების შესაბამისად და აღწერილია, რა შემთხვევაში შეგვიძლია დავარქვათ ამა თუ იმ კაკაოს პროდუქტს შოკოლადი.
საქართველოში მიკრობანკების ლიცენზირება იწყება
საქართველოში მიკრობანკების ლიცენზიების აღების წესი 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება. მიკრობანკების ლიცენზირების წესი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიკრობანკების ლიცენზირების საკითხებს, ასევე უცხოური სანდო ბანკის შვილობილ კომპანიაზე, უცხოური კომერციული ბანკის/მიკრობანკის ფილიალსა და შვილობილ მიკრობანკზე ლიცენზიის გაცემის წესს. ბრძანების მიხედვით, მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ეროვნული ბანკი. ამასთან, მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით და მისი სხვისთვის გადაცემა აკრძალულია.
1-ლი ივლისიდან ქვეყანაში შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ კანონი შევა ძალაში
2023 წლის 1-ლი ივლისიდან საქართველოში შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნები ამოქმედდება, რომელთა დამადასტურებელი დეკლარაციის წარდგენის გარეშე პროექტი სამშენებლო ნებართვას ვერ მიიღებს. აღნიშნული შეეხება როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორს.
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებს რეგისტრაცია მოუწევთ
ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის წესი დაამტკიცა, რომელიც 2023 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება და რომლის მთავარ მიზანს, უწყების თქმით, საქართველოში მოქმედი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით რეგულირება წარმოადგენს. წესი ითვალისწინებს, როგორც ვირტუალური აქტივის მომსახურების სარეგისტრაციო მოთხოვნებს და ადმინისტრაციულ და მესაკუთრეობასთან დაკავშირებულ კრიტერიუმებს, ასევე რეგისტრაციის შემდგომ ვალდებულებებს.
საქართველოში ლაქ-საღებავებში ტყვიის შემცველობის კონტროლი დაიწყება
2021 წელს მთავრობამ ლაქ-საღებავებში ტყვიის შემცველობის რეგლამენტირების წესი დაამტკიცა. რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს ქიმიური ნივთიერების ტყვიის და მისი ნაერთების დასაშვები ზღვრული რაოდენობის შემცველობის შესახებ სამშენებლო გამოყენებისთვის განკუთვნილ ლაქ-საღებავებზე. რეგლამენტის თანახმად, ლაქ-საღებავები არ უნდა შეიცავდეს 0.009%-ზე (90 ppm-ზე) მეტ ტყვიას (მეტალურ ტყვიაზე გადაანგარიშებით) საღებავის საერთო არააქროლადი ნაწილის წონიდან ან საღებავის გამშრალი აპკის წონიდან. აღნიშნული რეგლამენტი 2023 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება.
თბილისის მერია ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამას სრულად, 120 ათასი ლარით დააფინანსებს
თბილისის მერია ღვიძლის გადანერგვის საჭიროების მქონე პირებისთვის ტრანსპლანტაციას სრულად, 120 ათასი ლარით დააფინანსებს. აღნიშნული ინიციატივით თბილისის მერია უერთდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ღვიძლის ტრანსპლანტაციის პროგრამა სახელმწიფოს მხრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, 100%-ით დაფინანსდება. თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან შევა ძალაში. შეგახსენებთ, რომ აქამდე ოპერაციას სახელმწიფო და მერია 70 ათასი ლარით აფინანსებდა.