საზოგადოება
საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა
2023 წლის მაისის მონაცემებით, სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 668 555 პირს შეადგენს. “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” თანახმად, ეს მაჩვენებელი წელს ისტორიულ მაქსიმუმზეა.
“მარტში შემწეობის მიმღებთა რიცხვი 676 641 ადამიანი იყო. ამ წლის მაისის მონაცემებით, სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 668 555 პირია, რაც ქვეყნის საერთო მოსახლეობის 17.9%-ს შეადგენს.
ეს მაჩვენებელი სერვისის ამოქმედებიდან დღემდე ყველა წლის საშუალო მაჩვენებლებს აღემატება”, — ამბობენ ორგანიზაციაში.
ინფოგრაფიკა: “სოციალური სამართლიანობის ცენტრი”
“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” თანახმად, ბოლო 10 წლის განმავლობაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 62.29%-ით გაიზარდა, რაც ერთი მხრივ, სისტემის მიერ მოწყვლადი მოსახლეობის უკეთესი დაფარვით, ხოლო, მეორე მხრივ, მოსახლეობის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით შეიძლება აიხსნას.
“სისტემა, თავისი შინაარსიდან და ოჯახების სოციალური კეთილდღეობის შეფასების მეთოდოლოგიიდან გამომდინარე, ვერ ხედავს საჭიროების მქონე ყველა ადამიანს და ვერ უზრუნველყოფს მათზე საარსებო შემწეობის გაცემას.
შესაბამისად, სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა აღემატება სოციალური შემწეობის მიმღებთა რიცხვს. ღირსეული სოციალური შემწეობის სისტემა ჩვენი უფლებაა!” — აცხადებს ცენტრი.
გააზიარეთ :