კატალიზატორის ექსპორტზე ახალი საფასური დაწესდა
შემოსავლების სამსახურმა კატალიზატორის ან/და მისი მაკომპლექტებელი ნაწილების (მათ შორის, ამორტიზებული მაყუჩის ფილტრის ან/და მაყუჩის კერამიკული ფილტრის) ნარჩენის/ჯართის ექსპორტზე კილოგრამზე 6 ლარიანი საფასური დააწესა.
როგორც ცნობილია, მთავრობის გადაწყვეტილებით 2026 წლის 1-ელ მაისამდე საქართველოდან კატალიზატორების ექსპორტი აიკრძალა.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, კატალიზატორის ექსპორტის აკრძალვა არ ვრცელდება 2023 წლის 1-ელ მაისამდე გაცემულ ნებართვებზე, რა დროისთვის ექსპორტზე აქტიური ნებართვა გაცემული იყო რვა კომპანიაზე (184.2 ტონა კატალიზური კონვერტორის ნარჩენების ექსპორტის ნებართვა). ამასთან, მათივე განმარტებით, ამ ნებართვებით გათვალისწინებული ნარჩენების ექსპორტი 2023 წლის 2 დეკემბრამდე პერიოდში უნდა განხორციელდეს.
„ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით, კილოგრამზე შემოღებული 6 ლარიანი საფასური გავრცელდება მხოლოდ 2023 წლის 1-ელ მაისამდე გაცემული ნებართვის ფარგლებში ექსპორტის განხორციელებაზე.