გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის შედეგებს აქვეყნებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 და 20 ივლისს განხორციელებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია.
მათივე ცნობით, კვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიაორმატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.
,,როგორც ცნობილია, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უკვე 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებდა, ხოლო 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობა გაიზარდა და დაემატა ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე 3 წერტილი. აღებულ სინჯებში ისაზღვრება 59 პარამეტრის მნიშვნელობები.
სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს", - წერია განცხადებაში.
***
შავი ზღვის დაბინძურების საკითხი აქტუალური კახოვკის ჰესის დაბომბვის შემდეგ გახდა.
6 ივნისს, რუსულმა ძალებმა ხერსონში, კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს, რის შემდეგაც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
კაშხლის აფეთქებამ წყალდიდობა გამოიწვია.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჰეს-ის განადგურების შედეგად წყალდიდობას, სულ მცირე, 16 ადამიანი ემსხვერპლა, 31 ადამიანი კი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. რაც შეეხება რუსულ მხარეს, ოფიციალური მოსკოვი წყალდიდობის შედეგად 29 გარდაცვლილი ადამიანის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
9 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჰესის აფეთქება გლობალური პრობლემაა, დაბინძურებული წყალი შავ ზღვაში ჩაედინება.