შოვში გარდაცვლილთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა
შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების შედეგად კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა.
შოვში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა, რაშიც თავდაცვის ძალები და ავიაციაა ჩართული.
შოვში ღვარცოფსა და დამეწყრილ ტერიტორიაზე ნაპოვნი დაღუპული ადამიანებიდან ნაწილის ამოცნობა ვერ ხერხდება. დეტალებზე ჟურნალისტებს ესაუბრა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი.
"[ნაპოვნი] 11 მიცვალებულიდან ამოცნობილია, როგორც ვიცი, 6 პიროვნება... ისეთ გარემოებაში იქნა ცხედრები აღმოჩენილი, რომ ისინი დაზიანებულია. ამიტომ აღებული იქნება დნმ-ის ანალიზი, ჩატარდება ყველა პროცედურა მათ ამოსაცნობად", - თქვა მან.
3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინების გაკეთებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო. 4 აგვისტოს სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჯარი ჩაერთო. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი.
შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.