ხარისჭირაშვილი - გვარის ისტორია
ხარისჭირაშვილი - გავრცელებულია ახალციხეში, თბილისში (წარმოშობით ჯავახეთიდან, წინაპართა გვარი - ადუაშვილი). შედგება ხელობა-საქმიანობის მიხედვით შერქმეული მეტსახელისაგან - ხარისჭირა. გადმოცემით, ამ სახელით ცნობილი პირი სახალხო მკურნალი ყოფილა.
საქართველოში ამ გვარის მხოლოდ 6 წარმომადგენელი ცხოვრობს.
სამცხე-ჯავახეთისთვის დიდი ღვაწლი აქვს გაწეული პეტრე ხარისჭირაშვილს.
პეტრე ხარისჭირაშვილის დაბადების თარიღის შესახებ სხვადასხვა ვერსია არსებობს, დაიბადა 1804, 1805 ან 1818 წ. მისი წინაპრები ჯავახეთის სოფელ ბარალეთიდან ახალციხეში დასახლებულან. პეტრემ პირველდაწყებითი განათლება სტაფანე აბინაშვილის შინაურ სკოლაში მიიღო, შემდეგ სწავლა ახალციხის წმინდა ნათლისმცემლის ეკლესიის სკოლასა და ალექსანდრეპოლის სასულიერო სკოლებში განაგრძო. ბოლოს რომის უმაღლესი სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა "საღმრთო–სამეტყველო" განხრით. სრულყოფილად შეისწავლა ფრანგული, იტალიური, გერმანული, ბერძნული, პოლონური და თურქული ენები.
1842 წ. პეტრე ხარისჭირაშვილი ახალციხეში დაბრუნდა და გასომხებული ქართველის, არქიმანდრიტ პავლე შაჰყულიანის თანაშემწედ დაინიშნა.
სამშობლოში დაბრუნებულ პეტრე ხარისჭირაშვილს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, სასტიკი ბრძოლა გამოეცხადებინა ქართველ კათოლიკეთა გასომხებისათვის და პირველ რიგში ქართული სასულიერო სემინარიის გახსნა სურდა.
პეტრე ქადაგების იშვიათ ნიჭს ფლობდა და მალევე აიყოლია მთელი მესხეთის ქართველობა. ის კანონს ემორჩილებოდა და ვინაიდან კათოლიკურ ეკლესიებში ქართულად ღვთისმსახურება კანონით დაშვებული არ იყო, სომხურად წირავდა, თუმცა ქართულად ქადაგებდა.
მისმა მოღვაწეობამ მრევლში ზნეობა აამაღლა, წესად დანერგა ღარიბი ქალების უმზითვოდ გათხოვება, მთელ მრევლს ასწავლიდა წერა–კითხვას. მისი ავტორიტეტი ქართველ კათოლიკეთა შორის დღითიდღე იზრდებოდა, სამაგიეროდ სომეხ კათოლიკეთა რისხვა დაიმსახურა.
სომეხ კათოლიკეთა კრებამ დაადგინა ახალციხეში სომხური სემინარიის გახსნა. ამ ნიადაგზე პეტრე ხარისჭირაშვილსა და პავლე შაჰყულიანს შორის ურთიერთობა ისე დაიძაბა, რომ პეტრე ახალციხეში ჩამოსვლიდან სულ რაღაც ერთ წელში ხიზაბავრაში (ასპინძის რ–ნი) გაააძევეს, საიდანაც ვალეში გადავიდა. ხიზაბავრაშიც და ვალეშიც გლეხკაცობას ნამდვილ მფარველად მოევლინა. ამის შემდეგ ერთხანს ქუთაისის ქართველ კათოლიკეთა ეკლესიაშიც მოღვაწეობდა.
1856 წ. პეტრე ხარისჭირაშვილი საზღვარგარეთ წავიდა და ვენეციაში წმ. ლაზარეს კუნძულზე სომეხ მხითარისტთა ძმობაში ცხოვრობდა. აქ მან ქართული სტამბა დააარსა და ივანე მამულაშვილთან ერთად მის მიერ თარგმნილი წიგნი გამოაქვეყნა. წიგნში ორი ნაშრომი სომხურიდან იყო თარგმნილი (ორივეს ავტორი გასომხებული ქართველები იყვნენ). ამან პეტრეს სომხების კეთილგანწყობა მოაპოვებინა და საგამომცემლო საქმიანობის გაფართოების საშუალება მისცა. ვენეციაში მის მიერ გამოცემული წიგნებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ლათინურიდან ქართულად თარგმნილი "იგავნი იეზებოს ფილოსოფოზისანი", სადაც შესულია 95 იგავი.
დაუღალავი შრომით პეტრე ხარისჭირაშვილმა ვატიკანის კარდინალთა ყურადღება და კეთილგანწყობა დაიმსახურა. მას ნება დართეს, კონსტანტინოპოლში ქართველ კათოლიკეთა კონგერაცია დაეარსებინა ქართული ენითა და ტიპიკონით. ნებართვებითა და ფირმანებით აღჭურვილი პეტრე სტამბოლში ჩავიდა და 1861 წ. ქველმოქმედ იაკობ ზუბალაშვილის დახმარებით ფერიქოიში (ქართ. "ანგელოზთა სოფელი") დააარსა ქართველ კათოლიკეთა სტამბოლის სავანე, რომელიც სულ მალე იქცა მძლავრ სულიერ და კულტურულ–საგანმანათლებლო კერად.
აშენდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, დაფუძნდა დედათა და მამათა მონასტრები. 1870 წ. დაარსდა სტამბა, სადაც წიგნები ქართულ, მოგვიანებით კი ფრანგულ ენებზე იბეჭდებოდა. ფერიქოის ეკლესია–მონასტერთან გაიხსნა ქართულ–ფრანგული და ქართულ-ბერძნული ქალთა და ვაჟთა სასწავლებელები, დაარსდა ბიბლიოთეკა. ცნობილია, რომ პეტრე ხარისჭირაშვილმა სტამბოლის ბაზარზე გასაყიდად ჩაყვანილი გურული ყმაწვილები გამოისყიდა და მათ თავის მიერ დაარსებულ სასწავლებლეში მისცა განათლების მიღების საშუალება.
მამა პეტრეს მიერ ჩამოყალიბებულმა საზოგადოებამ ეკლესია–მონასტერი დააარსა აგრეთვე სტამბოლის მეორე უბანში – უსქუდარში. საზოგადოებას ჰყავდა ხუთი სოფლის მრევლი, ჰქონდა შემოსავლიანი სახლები.
1881 წ. გახსნეს ქართულ–ბერძნული სკოლა. ქართველ მღვდლებს სკოლა და ეკლესია ჰქონდათ ჰერას უბანში, პაპასკვერებში.
"ამ სავანემ უდიდესი ეპოქა შექმნა საქართველოს ისტორიის თვალსაზრისით. იქ მესხეთიდან ჩადიოდნენ 13-14 წლის ბავშვები, იღებდნენ სასულიერო განათლებას და სამშობლოში ბრუნდებოდნენ ეროვნული იდეებით. სტამბოლში არაერთი ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე აღიზარდა“,- იხსენებს ისტორიკოსი ნატო ყრუაშვილი.
პეტრე ხარიჭირაშვილის მიერ სტამბოლში გამოცემული წიგნებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: "გეოგრაფია", "გზა ცხოვრებისა", "გვირგვინწამებულთა", "ყვავილის კონა ყრმათა" (წიგნში შესული ლექსები სასულიერო წრეებშია დაწერილი), "წინამძღვართ ზეცისა", "მოკლე რიტორიკა", "მოკლე ფილოსოფია", "სიბრძნე კაცობრივი", "მოკლე ქართული ღრამატიკა", "საქრისტიანო მოძღვრება" და სხვ.
მამა პეტრე ცდილობდა წიგნები კარგი ქართულით დაებეჭდათ და თანამშრომლებს ნიმუშად გაზეთ "დროების" ქართულს უსახავდა. წიგნების ნაწილს კი მოსახლეობაში უფასოდ ავრცელებდა.
პეტრე ხარისჭირაშვილი ბევრს ზრუნავდა ქართველი მაჰმადიანების ქრისტიანულ რჯულზე მოქცევისათვის. ამ მცდელობის შედეგი ის იყო, რომ მის სკოლას ბევრმა მაჰმადიანმა ქართველმა მიაშურა და ბევრი ქართველი მაჰმადიანი იმდენად დაუახლოვდა ძმობას რომ ქრისტიანულ ქადაგებებზეც დაიწყო სიარული.
ქართველ კათოლიკეთა ძმობის მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით, პეტრე ხარისჭირაშვილმა დაარსა სავაჭრო ამხანაგობა - ქარვასლა, რომლის შემოსავალიც ძმობის საერთო ფონდში შედიოდა. 1900 წლისთვის ძმობის მფლობელობაში 5 დუქანი, რამდენიმე სავაჭრო ობიექტი, სათესი მიწა და ძროხების ფერმა შედიოდა. კომერციული საქმიანობიდან შემოსული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდების განათლებას, საგამომცემლო საქმიანობასა და ქველმოქმედებას ხმარდებოდა.
პეტრეს მიერ სტამბოლში დაარსებული ქართველ კათოლიკეთა ძმობა ისე გაძლიერდა,
რომ 1874 წ. მან საფრანგეთში მონთობანშიც (ეგალიტეს ქუჩა) დააფუძნა ასეთივე ძმობა.
ქართველ კათოლიკეთა ძირითადი საქმიანობა მონტობანში გახლდათ წიგნების ბეჭდვა. სავანე აგრეთვე განკუთვნილი იყო იმ ქართველი ყმაწვილებისათვის, რომლებიც საფრანგეთში ჩადიოდნენ სასულიერო განათლების გასაღრმავებლად. 1880 წ. მონტობანის ქართული სავანე სამინისტრო ბრძანებით დაიხურა, თუმცა როგორც წყაროებიდან ჩანს 1896 ისევ გახსნა და 1901 წლამდე იარსება.
სიცოცხლის ბოლო პერიოდში მამა პეტრე მონასტერში განმარტოვდა და 1892 წ. სტამბოლში გარდაიცვალა.
მისი გვარის სახელობისაა ახალციხეში, რაბათის უძველეს უბანში ერთ-ერთი მთავარი ქუჩა.
წყარო:catholic.ge