საქართველოს მოქალაქეობის მიღების ვადა შესაძლოა შემცირდეს - რას გულისხმობს და ვის შეეხება ცვლილება
საქართველოს მოქალაქეობის მიღების ვადა შესაძლოა შემცირდეს. აღნიშნულს გულისხმობს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.
კანონპროექტის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირი, სხვა უცხოელებისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეობას ჩვეულებრივი წესით მოიპოვებს საქართველოში 5 წლის განმავლობაში კანონიერად ცხოვრების შემდეგ, ნაცვლად 10 წლისა.
ამასთან, მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მოსაპოვებლად, მან უნდა დააკმაყოფილოს ამავე კანონით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები დადგენილ ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ენის, ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნასთან, აგრეთვე საქართველოში მუშაობასთან, ან/და საქართველოში უძრავი ქონების ან საწარმოში წილის ან აქციების ფლობასთან, ან საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, კანონპროექტი გონივრულ ფარგლებში და პროცედურულად ამარტივებს იმ საკითხებს, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან.
„ეს კანონპროექტი შეეხება 500-ზე მეტ ადამიანს, რომელთაგან 300-ზე მეტი საქართველოშია დაბადებული. შესაბამისად, ეს კატეგორია არის ძალიან მოწყვლადი, იმიტომ, რომ მოქალაქეობის არქონა ეს არის, გარკვეულწილად, სამართლებრივი ნონსენსიც კი, ვინაიდან, ამ შემთხვევაში, ადამიანს არცერთი სახელმწიფოს მიმართ არ აქვს კუთვნილება. ბუნებრივია, ეს ნიშნავს იმას, რომ ასეთი პირი შეიძლება შეზღუდული იყოს გარკვეულ უფლებებში. როგორც კი მოხდა ამ საკანონმდებლო ცვლილების ინიციირება, გაეროს ლტოლვითა უმაღლესი კომისარიატი შესაბამისი განცხადებით გამოეხმაურა ამ ფაქტს და ეს ცვლილება მოიწონა“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.
კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ხოლო ინიციატორი - საქართველოს მთავრობა.