საზოგადოება
ტენილი ყველი საქპატენტშია რეგისტრირებული
ჯავახეთის მძიმე ისტორიული წარსული არის მთავარი რამ, რამაც ჩამოაყალიბა ამ რეგიონის მოსახლეობის ცხოვრება, წეს-ჩვეულებები და კულინარია, მათ შორის, შეგვიძლია დავასახელოთ ტენილი ყველიც - წერია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გემური თვისებების გარდა, ამ ყველს მთავარი ღირებულება ჰქონდა ის, რომ ის იყო ძალიან მსუბუქი. ამიტომ, მტრის შემოსევების დროს ხალხი სახლებს რომ ტოვებდა და თავს აფარებდა მღვიმეებს, გვირაბებს, მათ შეეძლოთ თან წაეღოთ ეს ყველი - თან მჩატე და თან სასარგებლო პროდუქტი.
300 გრამიანი ყველი წყალში დალბობის შემდეგ ფუვდებოდა, ერთ კილოიან მასად გადაიქცეოდა და მთელი ოჯახის გამოკვება შეეძლო. ამ პროპორციებით, გაქცევის დროს ერთ ადამიანს 100 კილომდე ყველის წაღება შეეძლო. ამ ღირსებებს ისიც ემატება, რომ მშრალ მდგომარეობაში 5 წელიც კი ინახებოდა. ამიტომ, რეგიონის ყველა ოჯახს სულ ჰქონდა მარაგში „ძაფებიანი ყველი“.
ადგილობრივი მოსახლეობა გვიდასტურებს, რომ ეს ამბავი საქართველოს უძველესი ისტორიაა. დაახლოებით IV საუკუნით თარიღდება ის სამალავები, სადაც ხალხი დიდი დროის მანძილზე თავს აფარებდა აპოხტის (გამხმარი ხორცის), სომინი პურისა და ტენილი ყველის იმედად.
ნელ-ნელა დრო შეიცვალა. ომიანობა დასრულდა, ყველს კი თითქოს ფუნქცია დაეკარგა. მშვიდი ცხოვრების დროს მისი მარაგი აღარც იყო საჭირო. ამიტომ ხალხმა ახალი ფორმა მოიფიქრა და რძიდან მოხდილ ნაღებში მისი გადაზელა დაიწყო. მიღებულ საერთო მასას სპეციალურ ქოთნებში ტენიდნენ და ამ ფორმით ინახავდნენ. სახელწოდება ტენილიც სწორედ აქედან მომდინარეობს.
ტენილი მზადდება ცხვრისა და ძროხის მაღალცხიმიანი რძისგან. მისი ფორმა გადაზელის შემდეგ იცვლება და წვრილი ძაფების ფორმას იღებს. აქვს ნაზი და ელასტიკური კონსისტენცია, სასიამოვნო, სპეციფიკური სუნი და სუფთა, მოცხარო, ოდნავ მომჟავო გემო.
ტენილი ყველის დამზადების წესი ასეთია: მოსამზადებლად იყენებენ ხის გობს (მას წლის ნებისმიერ სეზონზე ერთნაირი ტემპერატურა აქვს და, ასევე, დასამჟავებელ ბაქტერიას თვითონ გამოყოფს, დედო აღარ არის საჭირო, ხის ჭურჭელი ყველს თავად ამჟავებს). ამჟავებულ რძეს ზემოდან ეხდება ნაღები, დარჩენილი რძით კი მზადდება ყველი. 2-დღიანი გამოშრობის შემდეგ იწყება ნაღებისა და ყველის შერევა-გადაზელა. აზელილ მასას აჩერებენ ერთი დღე, თან ატრიალებენ, რათა ყველა მხარე თანაბრად მოხვდეს ჰაერზე, შემდეგ კი იწყება ქოთნების გატენვა. ქოთანი აუცილებლად უნდა იყოს თიხის და სწორი ფორმის, მუცლის გარეშე, არ უნდა იყოს მოჭიქული, რათა თიხამ ისუნთქოს და ყველიც კარგად გამოაშროს.
ქოთანი იდეალურად უნდა გაიტენოს ყველით და არ უნდა დარჩეს მასში ცარიელი წერტილიც კი, რათა ჰაერი არ შეიპაროს. ქოთანს თავზე მოეკვრება სუფთა ნაჭერი და გარკვეული ხნით შეინახება. გადმოღების დროს ძირს უნდა დაიყაროს სუფთა ნაცარი, ნაცარს გადაეფაროს ნაჭერი და სწორედ ამ ნაჭერზე იწყება ქოთნების პირქვე დამხობა. გადმოსულ ყველს თუ შრატი ან რაიმე სითხე გადმოჰყვა, მას ნაჭერი და ნაცარი აუცილებლად შეიწოვს და დატოვებს სუფთა მასას. ეს მასა იმ დრომდე უნდა დარჩეს ნაჭერზე, სანამ ბოლომდე ბუნებრივად არ გაიჩენს ობს. ყველა მხარეს და ყველა ნაკეცში უნდა მოხვდეს ობი, რათა სრულად შეიკრას. ამაზე ამბობენ - ეს არის ყველის თვითგადარჩენის ინსტინქტი, ამ ობით ტენილი თავად იკეთებს სტერილიზაციასო. გამზადებული ყველი წელიწადზე მეტ ხანს ჩვეულებრივ ინახება. ვინაიდან ტენილი ყველი დელიკატესია, მას მხოლოდ დღესასწაულებზე, ქორწილზე და საპატიო სტუმრების მოსვლისას ჭრიდნენ.
დამუშავების ტექნოლოგიისა და საყველე მასის მომწიფების მიხედვით, ტენილი მიეკუთვნება ჩედერიზებული ყველის ჯგუფს. ტენილი ყველის დამზადება სამცხე-ჯავახეთის მთელ რეგიონში ხდება, განსაკუთრებით კი ნაქალაქევის, მუსხისა და თმოგვის ტერიტორიაზე, ასევე, ქვემო ქართლში, დმანისის მუნიციპალიტეტში. „ტენილი“ ყველის დამზადების ტრადიცია დღემდე ცოცხალია. ადგილობრივი მოსახლეობა მას ზედმიწევნითი სიზუსტით ასრულებს, საქპატენტში რეგისტრაციის შემდეგ კი ყველა მეწარმე, რომელიც „ტენილი“ ყველის დამზადებას გადაწყვეტს, ვალდებულია რეგისტრირებული სპეციფიკაციის ყველა მოთხოვნის დაცვით იმოქმედოს, მხოლოდ აღნიშნულ ტერიტორიაზე მოახდინოს ყველის დასამზადებლად საჭირო რძის მიღება, გადამუშავება და ყველის წარმოება.
გეოგრაფიული აღნიშვნა „ტენილი“ საქპატენტში დარეგისტრირდა 2012 წლის 24 იანვარს. „ტენილის“ სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე.
გააზიარეთ :