საზოგადოება
სოფელ რუსთავში შოთაობა გაიმართა
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში ტრადიციული ,,პოეზიის სახალხო დღესასწაული - ,,შოთაობა-2023’’ გაიმართა. ღონისძიების პარალელურად მოეწყო ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, სპორტული შეჯიბრებები მკლავჭიდში, ჭიდაობასა და საჯილდაო ქვის აზიდვაში. გამარჯვებულებს მერიის ინიციატივით დაწესებული სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
,,შოთაობა-2023’’ დღესასწაულზე ,,საპატიო ასპინძელი’’-ს წოდებით დააჯილდოვეს სსიპ ასპინძის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი ტრისტან მურადაშვილი, დაბაში მცხოვრები ღვაწლმოსილი პედაგოგი ლარისა მელიქიძე და სოფელ დამალის მკვიდრი ექიმი აკოფ აკოფიანი. ასევე, 2023 წლის ბოლო პერიოდში ახალდაქორწინებული წყვილები ტრადიციულად ,,ვეფხისტყაოსანით’’ დაასაჩუქრეს.
პოეზიის სახალხო დღეასაწაულზე ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული პირველი პრემია 1500 ლარი ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულ პოეტ მაია მინდელ-ბენაშვილს გადეცა. სახალხო დღესასწაულზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ხალხური რეწვის ოსტატთა, მხატვრებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენას, ეთნოგრაფიული კუთხისა და სახალხო დღესასწაულისთვის სპეციალურად მოწყობილ ფაცხებში ადგილობრივ სამზარეულოსა და მესხურ ტრადიციებს.
კონცერტში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის შემოქმედებითი ჯგუფები და მოწვეული ანსამბლი ,,შარა’’. „პოეზიის დღესასწაული - შოთაობა’’ 1966 წლიდან აღინიშნება. დღესასწაულის აღნიშვნა 1990–იანი წლებიდან შეწყდა. 2008 წელს სოფელ რუსთავში ტრადიცია აღდგა. 2013 წლიდან სახალხო ზეიმმა რუსთავიდან ვარძიაში გადაინაცვლა.
2019 წლიდან „შოთაობას“ ისევ რუსთავში აღნიშნავენ, რადგან ერთ-ერთი ვერსიით შოთა რუსთაველი სწორედ მესხეთის ამ სოფლიდან იყო.
გააზიარეთ :