საზოგადოება
სახალხო დამცველი აბასთუმნის ობსერვატორიის თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს შეხვდა
საქართველოს სახალხო დამცველი და აპარატის თანამშრომლები დღეს, 22 დეკემბერს, აბასთუმნის ობსერვატორიის ყოფილ/მოქმედ თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს სსიპ-საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორის მიერ ბრძანებით დადგენილი ობსერვატორიის ტერიტორიაზე შესვლისა და გადაადგილების განსხვავებული წესების კანონიერებისა და დაწესებული შეზღუდვების აუცილებლობის საკითხები.
შეხვედრის მონაწილეების თქმით, ობსერვატორიის ადმინისტრაციის მხრიდან იგეგმება ბრძანებით დადგენილი შეზღუდვების დაუსაბუთებლად გაგრძელება, რაც კიდევ უფრო შეუზღუდავს მათ ოჯახის წევრებისა და საცხოვრებლების მონახულებას და შესაბამისად, დაარღვევს მათ პირად და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებებს.
საქართველოს სახალხო დამცველი ბრძანების მოქმედებების გაგრძელების შემთხვევაში საკითხის შესწავლას აპირებს და აღნიშნა ისიც, რომ დაწესებული შეზღუდვების გაგრძელების შემთხვევაში, იზრდება ობსერვატორიის ადმინისტრაციის მხრიდან გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება, თითოეული ამგვარი დამატებითი შეზღუდვა კი მკაცრად უნდა პასუხობდეს უფლების შეზღუდვის პროპორციულობის კრიტერიუმებს.
ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
გააზიარეთ :