საზოგადოება
რა ახალი ვალდებულებები ამოქმედდა სტომატოლოგიური კლინიკებისთვის დღეიდან
2024 წლის 1-ლი იანვრიდან სტომატოლოგიური კლინიკებისთვის ახალი სტანდარტები ამოქმედდა.
კერძოდ, მთავრობის დადგენილებით, სტომატოლოგიური კაბინეტისათვის ფართობი უნდა შეადგენდეს ძირითად სტომატოლოგიურ სავარძელზე − არანაკლებ 12 კვ.მ.-ს და ყოველ დამატებით სავარძელზე − არანაკლებ 6 კვ.მ.-ს; სტომატოლოგიურ სავარძლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 2 მ-იანი დაშორება ან სავარძლებს შორის სივრცეები გამიჯნული უნდა იყოს სტაციონარული ტიხრით (სიმაღლით − არანაკლებ 1,8 მ-ისა).
ამასთან, დადგენილების თანახმად, სტომატოლოგიური საქმიანობის განმახორციელებელ პირს უნდა ჰქონდეს სერვისის მიწოდებისთვის საჭირო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (იდს) მარაგი. კერძოდ, სავალდებულო მარაგის რაოდენობა 1 სავარძელზე გადაანგარიშებით ასეთია:
- ქირურგიული ნიღაბი − არანაკლებ 100-ისა;
- რესპირატორი − არანაკლებ 20 ც-ისა;
- ერთჯერადი ხალათი − არანაკლებ 20 ც-ისა;
- ერთჯერადი ხელთათმანი − არანაკლებ 100 ცალისა;
- მრავალჯერადი სახის ფარი/ინდივიდუალური დაცვის სათვალე − არანაკლებ 4 ცალისა ან ერთჯერადი სახის ფარი/ინდივიდუალური დაცვის სათვალე − არანაკლებ 10 ცალისა.
მთავრობის დადგენილებით, სტომატოლოგიურ კლინიკას უნდა ჰყავდეს ინფექციების კონტროლზე, ინსტრუმენტების/სამედიცინო დანიშნულების საგნების სტერილიზაციაზე/დეზინფექციასა და ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი პირი; ასევე სტომატოლოგიურ დაწესებულებაში დასაქმებულ პერსონალს − ექიმს/ასისტენტს/ექთანს, ასევე სტერილიზაციასა და დეზინფექციაზე, სამედიცინო ნარჩენების შეგროვებაზე/შეკრებაზე/გატანაზე დასაქმებულ პერსონალს ჩატარებული უნდა ჰქონდეთ პროფილაქტიკური იმუნიზაცია B ჰეპატიტზე, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პერიოდულობით, ასევე პერსონალს 6 თვეში ერთხელ უნდა ჩაუტარდეს სკრინინგი C ჰეპატიტზე.
გააზიარეთ :