ინტენსიურად მიმდინარე თოვლის დნობას თან დაერთო წვიმა - გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტო გავრცელებულ განცხადებაში საუბრობს, რამ გამოიწვია ბოლო დღეებში ბაღდათის, ხაშურის, გორის, ლანჩხუთის, ვანის, სამტრედიის, ჭიათურის, ხულოსა და ქედას მუნიციპალიტეტებში მიმდინარე სტიქიურ პროცესების გააქტიურება.
"ინტენსიურად მიმდინარე თოვლის დნობის პროცესს თან დაერთო უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა წვიმის სახით, რომელმაც, თავის მხრივ, გამოიწვია ბუნებრივად ისედაც დაძაბულ ტერიტორიებზე სხვადასხვა სტიქიური პროცესების (მეწყერი, ღვარცოფი, წყალდიდობა, წყალმოვარდნა, თოვლის ზვავი) ჩასახვა-გააქტიურება", - წერს სააგენტო.
მათივე თქმით, სააგენტოს გეოლოგების 8 ჯგუფი სტიქიის ზონაში რჩება და მოვლენების შესწავლას ადგილზე აგრძელებს. მათ შორის, 4 ჯგუფი აჭარაში, 3 იმერეთში, ხოლო ერთი შიდა ქართლის ტერიტორიაზე იმყოფება.
სააგენტოს ცნობითვე, აჭარაში მეწყრული და ღვარცოფული პროცესები, ხოლო იმერეთში მეწყერებია დაფიქსირებული.
,,6 თებერვლიდან დღემდე გეოლოგების ჯგუფებმა შეაფასეს 189 ოჯახი, გატარდა საპრევენციო ზომები და მდგრად ადგილზე გადაყვანას დაექვემდებარა 94 ოჯახი. სააგენტოს სპეციალისტების მიერ, შემდგომი დამცავი და სტიქიის საპრევენციო ღონისძიებების გასატარებლად გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.
ამ დროისათვის შიდა ქართლში (სოფ. ტაშისკარშის მიმდებარე ტერიტორიაზე), სადაც ადგილი ჰქონდა მეწყრული და ღვარცოფული პროცესის განვითარებას, სააგენტოს სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რათა თავიდან იქნებ აცილებული სტიქიის შემდგომი განვითარების რისკები", - ნათქვამია განცხადებაში.