საქართველოში დნმ-ის მონაცემთა ერთიანი ბაზა შეიქმნება
საქართველოში დნმ-ის მონაცემთა ერთიანი ბაზა შეიქმნება. აღნიშნულ ინიციატივაზე საქართველოს მთავრობა მუშაობს.
როგორც პარლამენტის 2024 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული, „დნმ-ის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნის შესახებ“ კანონპროექტის შემუშავებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აპირებს.
„საკანონმდებლო ინიციატივის შესაბამისად, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა იდენტიფიკაციის, დანაშაულის პრევენციის, დანაშაულის გახსნისა და მის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში შეიქმნება დნმ-ის მონაცემთა ერთიანი ბაზა, რომელშიც შეინახება გენეტიკური მონაცემები.
ასევე განისაზღვრება დნმ მონაცემების სავალდებულო პროფილირებას დაქვემდებარებული სუბიექტების ჩამონათვალი, ამასთან, ნებისმიერ პირს ნებაყოფლობით შეეძლება კუთვნილი დნმ მონაცემების წარდგენა, ბაზაში რეგისტრაციის მიზნით,“- ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, როგორც პარლამენტში გადაგზავნილი მთავრობის გეგმიდან ირკვევა, კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას - დაახლოებით 13 მილიონ ლარამდე.