საზოგადოება
საქართველოში შემოსული ყოველი მე-5 ვიზიტორი რუსეთის მოქალაქეა
საქართველოში შემოსული ყოველი მე-5 ვიზიტორი რუსეთის მოქალაქეა. ამის სესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაშია აღნიშნული.
„კოვიდ 19“-ის პანდემიამდე, შემოსავლების მხრივ საქართველო რუსეთზე ყველაზე მეტად ტურიზმით იყო დამოკიდებული. პანდემიის გამო, 2020-2021 წლებში რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 85%-ით შემცირდა.
2022 წელს, პანდემიის დასრულების და რუსეთ-უკრაინის ომის გამო, რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2022 წელს რუსეთიდან 1.1 მლნ ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 5-ჯერ აღემატებოდა, მაგრამ 2019 წლის მაჩვენებელზე 26%-ით ნაკლები იყო.
2023 წელს რუსეთიდან 1.4 მლნ ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 30%-ით მეტია, ხოლო პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელზე 3.6%-ით ნაკლებია. 2023 წლის მე-4 კვარტალში, 2022 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით, 12%-ით კლება დაფიქსირდა.
,,2022 წელს რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 20% იყო. 2023 წელს კი 20.1%. ვიზიტორების სტატისტიკა 2011 წლიდან არის ხელმისაწვდომი, საიდანაც ირკვევა, რომ ვიზიტორებში რუსეთის მოქალაქეების წილს 20%-ისთვის აქამდე არასდროს გადაუჭარბებია.
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს 62 300 რუსეთის მოქალაქე დარჩა საქართველოში საცხოვრებლად, ანუ აღირიცხა როგორც იმიგრანტი. 2023 წლის მიგრაციის მაჩვენებლები მიმდინარე წლის აპრილში გამოქვეყნდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წელს რუსეთიდან საქართველოში 1 856 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო 1 887 ათასი გავიდა,“- ნათქვამია ორგანიზაციის ინფორმაციაში.
გააზიარეთ :