საზოგადოება
გეოლოგებმა უდეში მუშაობა დაასრულეს
გეოლოგებმა ადიგენში, სოფელ უდის მეწყრულ ზონაში ორდღიანი მუშაობა დაასრულეს. სპეციალისტებმა შეისწავლეს 22 სახლი, მათგან ოთხი ოჯახი გასახლებას სასწრაფოდ ექვემდებარება. ადიგენის მერის გოჩა ქიმაძის თქმით, მერიამ ბინების მოძიება დაზარალებული მოსახლეობის გასაყვანად უკვე დაიწყო.
22 დაზიანებული სახლიდან 15–ში მოსახლეობა ცხოვრობს, 7 კი დაკეტილია. გოჩა ქიმაძემ, 20 თებერვალს, მეცხრე არხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსახლეობას დროებით საცხოვრებლად გადასასვლელად სამ ვარიანტს სთავაზობდა - უდეში ყოფილი ამბოლატორიის, ყოფილი საბავშვო ბაღის შენობებს და ადიგენში სახელმწიფო ბალანსზე მყოფ სამოთახიან შენობას, თუმცა ყულჯანიშვილების ოჯახმა უდის ორივე შენობაში შესვლაზე, საცხოვრებელი პირობების არარსებობის გამო უარი განაცხადა.
სოფელში მეწყერი დაახლოებით ორი თვის წინ გააქტიურდა. 15 თებერვალს კი ყულჯანიშვილების სახლი საცხოვრებლად უვარგისი გახდა. 20 თებერვალს, სტიქიის ზონაში მივიდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მაშველები და „ენერგო პრო–ჯორჯიას“ თანამშრომლები და გეოლოგები მივიდნენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ბიულეტენში სოფელ უდეზე წერია:
,,პერიოდული აქტიურობით გამოირჩევა სოფელში განვითარებული 2 მეწყრული უბანი. პირველ უბანზე, რომლის ფართობი 15,2 ჰექტარია, გასულ წლებში დააზიანა 120-მდე საცხოვრებელი სახლი, სრულად დაინგრა 9, მათ შორის საავადმყოფოს შენობა. ამჟამად საფრთხის ქვეშაა ხიმინჯებზე დამონტაჟებული გაზსადენის მილი".
სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორის ბესიკ ამირანაშვილის თქმით, რეგიონში ადიგენის გარდა მეწყრული პროცესების საფრთხეს შეიცავს ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოფელი დგვარიც, თუმცა პროცესი ამ ეტაპზე გააქტიურებული მხოლოდ ადიგენის სოფელ უდეშია.
გააზიარეთ :