საზოგადოება
9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.
ipn.ge - ს ცნობით, მოქალაქეების ნაწილმა ღამე საქართველოს პარლამენტთან გაათენა. რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი სიმბოლურად 04:00 საათზე დაიწყო. მოქალაქეებმა 9 აპრილის მემორიალთან სანთლებით ხელში ილოცეს.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა გმირთა მემორიალი ტიტებით შეამკეს. პანაშვიდის შემდეგ მოქალაქეებმა ფიცი დადეს. ფიცის ტექსტი პაატა ბურჭულაძემ წაიკითხა და აღნიშნა, რომ ფიცი იქნება გამაერთიანებელი და პროტესტი უფრო გამყარდება.
მოქალაქეები ადგილზე ამ დრომდე რჩებიან. აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ რუსთაველის გამზირი. ასევე, ქაშვეთთან და პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამართალდამცავების რამდენიმე ჯგუფია მობილიზებული.
გააზიარეთ :