დაშლილებში მეორადი ავტონაწილები ძვირდება
ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ალექსი ნონიაძის თქმით, მთავრობა დაშლილი ავტომობილის ნაწილების კონტროლს გეგმავს. როგორც მან რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „შენი დრო“ განავცხადა, ზუსტი დრო, როდის შევა ეს გადაწყვეტილება, უცნობია.
„მთავრობას დიდი ხანია სურს გარკვეული რეგულაციების ჩატარება, უფრო კონკრეტულად კი აღირიცხოს თითოეული ნაწილი, რაც დაიშალა. ჯერჯერობით შეჩერებულია ეს რეგლამენტი, თუმცა როდის განახლდება, უცნობია“ - აცხადებს ის.
ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების აკრძალვის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ეს რეგულაცია საკმაოდ რთულად შესრულებადია, საბოლოოდ კი ეს პროცესი ავტომობილების გაძვირებას გამოიწვევს.
„თავად ფაქტმაც გვაჩვენა, რომ როდესაც ეს რეგულაცია შემოდიოდა, ბევრმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ მოესწრო ძველი მანქანის ყიდვა.
ადამიანმა, რომელსაც ძველი ავტომობილი ჰყავს, უნდა გამოცვალოს ის, რადგან მისი ტექნიკური ექსპლუატაცია შეუძლებელია. ანუ, ამ ადამიანმა თავისი მანქანის ტექნიკურ მონაცემებზე უკეთესი ავტომობილი უნდა შეიძინოს, შესაბამისად, გრძელვადიან პერიოდში აქ არებული ავტომობილების გაძვირება გარდაუვალია“, - განაცხადა ნონიაძემ.
მისი თქმით, გაიზრდება მეორადი ავტომობილების ნაწილების ღირებულებაც.