„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შეტანილმა ცლილებებმა შესაძლოა, ხარჯები გაზარდოს
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანა იგეგმება. ავტორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა. კანონპროექტის შემუშავებაში ასევე ჩართული იყო აიზის განვითარების ბანკის ექსპერტთა ჯგუფიც.
როგორც "განმარტებით ბარათში" ვკითხულობთ, სხვა ცვლილებებთან ერთად, კანონპროექტი ფონდის ნებისმიერი საქმიანობის აუთსორსინგზე გადაცემის შესაძლებლობასაც ითვალისწინებს, მაგრამ ამისათვის ეროვნული ბანკის თანხმობა იქნება საჭირო. ავტორთა განცხადებით, აუთსორსის მომსახურებით სარგებლობა ერთის მხრივ გაზრდის ფონდის ხარჯებს, თუმცა გარკვეული საქმიანობის აუთსორსით განხორციელება უფრო ხელსაყრელია.
ასევე კანოპროექტით განისაზღვრება, რომ საპენსიო ფონდს უნდა გააჩნდეს პრეტენზიების გადაწყვეტის მექანიზმი. დამატებითი სტრუქტურული ერთეულის შექმნის, ან არსებულ სტრუქტურულ ერთეულებში დამატებითი თანამშრომლების აყვანის აუცილებლობიდან გამომდინარე აღნიშნული ცვლილება შესაძლოა საპენსიო ფონდისთვის ასევე დამატებით ხარჯებს წარმოადგენდეს.
განმარტებითი ბარათის თანახმად, აღნიშნული ხარჯების ჯამური გავლენა დამოკიდებული იქნება პოტენციურ კანდიდატებთან კერძო მოლაპარაკებების შედეგებზე. "საპენსიო სააგენტოს" ხარჯვით ნაწილზე გავლენას იქონიებს ასევე სახელის ცვლილება, კანონის შესაბამისად მისი სახელწოდება ხდება "საპენსიო ფონდი", შესაბამისად საჭირო იქნება ადმინისტრაციული ხარჯის გაწევა, როგორიცაა ლოგოს, ბეჭდის და მსგავსი ატრიბუტების ცვლილება.
კანონპროექტით ასევე დგინდება ეროვნული ბანკის გაზრდილი საზედამხედველო ჩარჩო, რომელიც გულისხმობს მთლიანი საპენსიო ფონდის ზედამხედველობას. ამასთან ერთად კანონპროექტი ადგენს ეროვნული ბანკის მიერ კანონით დადგენილი ნორმატიული აქტების გამოცემის ვალდებულებას. შესაბამისად, შესაძლოა ეროვნულ ბანკს დასჭირდეს დამატებითი ადამიანური რესურსების გამოყოფა, რამაც თავის მხრივ შესაძლოა გამოიწვიოს ეროვნული ბანკის გაზრდილი ხარჯები.
,,ბიზნესპრესნიუსის" ცნობით, საშუალოვადიან პერიოდში, ფინანსური გავლენის შეფასებიდან გამომდინარე, კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. საპენსიო სააგენტოს საქმიანობის დაფინანსების წყარო საპენსიო აქტივებიდან მომსახურების საფასურის სახით მიღებული თანხები იქნება.