საზოგადოება
აბასთუმანში ელექტრომობილების დამტენებით აღჭურვილი ავტოსადგომი შენდება
კურორტ აბასთუმნის ურბანული განვითარების პროექტის ფარგლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
,,დაბაში კაპიტალურად მოეწყო როგორც სავალი ნაწილები, ასევე მთლიანი საკანალიზაციო სისტემა, სასმელი წყლის ქსელი, სათავე და გამწმენდი ნაგებები. ასევე სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს "როშა პარკის", რომელიც თავისი მდებარეობით და ასწლოვანი ხეებით გამორჩეული და უნიკალური ადგილია. ეწყობა მოსასვენებელი სივრცეები, ბილიკები, უკვე მოეწყო სტადიონი და პროექტის დასრულების შემდეგ "როშა პარკი" იქნება კიდევ ერთი ლამაზი სივრცე დამსვენებლებისთვის", - განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.
კურორტის განვითარების გეგმის ფარგლებში, დაბის შესასვლელში შენდება ელექტრომობილების დამტენებით აღჭურვილი ავტოსადგომი. ასევე მიმდინარეობს დაბის მწვანე და ლურჯი დერეფნების რეაბილიტაცია, რომელიც მდინარის კალაპოტისა და სახიდე გადასასვლელების, საფეხმავლო და ველო-ბილიკების, რეკრეაციული და მოსასვენებელი ადგილების მოწყობას, ცენტრალური გზის, ისტორიული და სამეცნიერო ობიექტების აღდგენას მოიცავს.
ასევე მიმდინარეობს მრავალბინიანი კორპუსების ფასადების კაპიტალური რეაბილიტაცია, მე-19-მე-20 საუკუნეების ისტორიული სახლებისა და ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაცია. შემუშავდა კურორტ აბასთუმნის განაშენიანების გენერალური გეგმა.
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
გააზიარეთ :