კაცი, რომელმაც ქართველ რაინდებზე წარმოდგენა შეგვიქმნა - უკრაინელები ახალციხელ მებრძოლზე
,,კაცი, რომელმაც ქართველ რაინდებზე წარმოდგენა შეგვიქმნა" - ასე ახასიათებენ უკრაინელები ბრძოლის ველზე დაცემულ ქართველ მებრძოლ ხვიჩა გვირჯიშვილს. ის დონეცკის ოლქში, ლიმანის ტყეში რუსი ოკუპანტების დაბომბვას ემსხვერპლა. ხვიჩა ინტერნაციონალური ლეგიონის, მე-2 ბატალიონის მებრძოლი იყო და უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან იბრძოდა. უფრო მეტს მის შესახებ თანამებრძოლები, ავთო ქაჯაია და ნადიმ ხმალაძე Ambebi.ge-ს უამბობენ.
,,ხვიჩა დიდი ხანია უკრაინაში, კერძოდ, დონეცკში ცხოვრობდა ოჯახით. მეუღლეც უკრაინელი ჰყავდა. ერთმანეთი სოციალური ქსელის საშუალებით გავიცანით. მასზე ხშირად წერდნენ, რომ უშიშარი მებრძოლი იყო. დავუკავშირდით ერთმანეთს, გაირკვა, რომ საქართველოს სიყვარული და რუსეთის სიძულვილი გვაერთიანებდა. მერე შევხვდით კიდეც და დავძმაკაცდით, ერთობლივ ოპერაციებში არ გვაქვს მონაწილეობა მიღებული, მაგრამ ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორი შეუპოვარი მებრძოლი იყო, თავს არ ზოგავდა მტერთან ბრძოლაში...
ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენთვის, მებრძოლებისთვის. ინტერნაციონალური ბატალიონიდან ჩვენთან "შერეკილებში“ აპირებდა გადმოსვლას.
5 დღის წინ ერთად ვიყავით, ვისაუბრეთ, მითხრა, რომ კიდევ ერთხელ შევიდოდა ფრონტის ხაზზე მე-2 ბატალიონთან ერთად და მერე ჩვენთან "შერეკილებში“ გადმოვიდოდა. 30 წლის უნახავი ძმაკაცი - ხვიჩა ნადირაძე შევახვედრე, ძალიან გახარებული იყო" - იხსენებს ავთო ქაჯაია.
ქართველი მებრძოლების თქმით, ხვიჩა ლიმანის ტყეში დაიღუპა. იმ პერიოდში, ზოგადად ყველგან, დილის 5 საათიდან იწყებენ რუსები დაბომბვებს. ბლინდაჟი, სადაც ხვიჩა იყო, ყუმბარა ჩავარდა...
ნადიმ ხმალაძის თქმით, ხვიჩა დაიღუპა, რამდენიმე, მათ შორის კიდევ ერთი ქართველი გოჩა ბერიძე დაიჭრა.
,,ჩემი უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი იყო. განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა, მიჭირს მასზე წარსულში საუბარი, ჯერ კიდევ ვერ გავითავისე მისი გარდაცვალების ამბავი. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი ადამიანი იყო, სულში და გულში საქართველო "ჰყავდა". როდესაც ბიჭები შევიკრიბებოდით, ზოგჯერ ისეთ თემებზეც ვსაუბრობდით, რაც ომთან არ იყო დაკავშირებული. ასეთ შემთხვევაში ხვიჩა აუცილებლად შეცვლიდა საუბრის თემას და საქართველოზე დაიწყებდა ლაპარაკს. გამოცდილი, პროფესიონალი მებრძოლი იყო, იარაღის საუკეთესო მცოდნე. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჰქონდა. ბრძოლის ველზე ზოგჯერ ბიჭებს კათხა ლუდი ან ერთი - ორი ჭიქა არაყი დაგვილევია. ის არავითარ შემთხვევაში არ დალევდა, ამბობდა, რომ ყურადღების მოდუნების უფლება არ ჰქონდა.
ხვიჩა გვირჯიშვილის თანამებრძოლები მასთან ბოლო შეხვედრას იხსენებენ.
,,საქართველოში რომ ვაპირებდი დაბრუნებას, გამოსამშვიდობებლად შევხვდით ქართულ რესტორანში, ხინკალი მივირთვით, მე კათხა ლუდი დავლიე, მან ქართული ლიმონათი. ძალიან სევდიანი იყო, მითხრა, ნეტავ მეც შემეძლოს ახლა საქართველოში წასვლა, ძალიან მენატრება იქაურობა, ვინ იცის, იქნებ ვეღარასოდეს ვნახოო. მას შემდეგ, რაც ხვიჩას ბრძოლის ველზე დაცემის ამბავი გავიგე, სულ ეს ბოლო შეხვედრა მახსენდება, მე საქართველოში, სამშვიდობოს ვარ, ის კი.... თუმცა, ვარ კი სამშვიდობოს?! უფრო ისეთი განცდა მაქვს, რომ ერთი ომიდან მეორეში ჩამოვედი. აქაც ომია, იარაღის გარეშე.
დამდევენ, მითვალთვალებენ. ერთხელ, გამთენიისას მიტინგიდან შინ ვბრუნდებოდი და გზად მაღაზიაში შევიარე, მივხვდი, რომ რამდენიმე კაცი მომდევდა და მაღაზიაშიც შემომყვნენ. იქვე შეეცადნენ პროვოკაციაზე წამოვეგე, მე ყურადღება არ მივაქციე, გარეთ გამოვედი, ტაქსი მყავდა გამოძახებული და სწრაფად ჩავჯექი. შეეცადნენ, ტაქსის კარების დახურვის საშუალება არ მოეცათ. მე კარი ფეხში მივარტყი და მერე უცებ დავხურე, მგონი გაუფუჭე კიდეც მანქანის კარი, არ ვიცი. მძღოლმა სასწრაფოდ დაძრა ავტომობილი და იქაურობას მოვშორდით. ერთი უცნაური ამბავი კი მოხდა, ტაქსიდან გადმოვედი თუ არა, სულ რაღაც ათ წუთში ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა, იმის შესახებ, რომ ტაქსის მძღოლმა მგზავრობის საფასური, რომელიც ონლაინ მქონდა გადახდილი, უკან დამიბრუნა.
აი, ამ საზოგადოების დაშინებას ფიქრობს ეს ხელისუფლება. ტყუილად ცდილობენ ამ ხალხის შეშინებას, მე ტყუილად დამდევენ, არავისი და არაფრის მეშინია, ხვიჩას გვერდით ვიბრძოდი, ესენი როგორ შემაშინებენ? ისე კი ხშირად რაზე ვფიქრობ იცით? ქართველის ხელიდან სიკვდილი არ მინდა, მირჩევნია რუსის ტყვია მომხვდეს... ალბათ, ისევ დავბრუნდები უკრაინაში... ხომ ნახეთ დათო ქაცარავას რა უქნეს, მე რომ მის ადგილზე ვყოფილიყავი, ნამდვილად ვერ გადავრჩებოდი... ალბათ წავალ და ჩავანაცვლებ ბრძოლის ველზე ჩემს საუკეთესო მეგობარს და თანამებრძოლს, ჩემს ხვიჩას" - წუხან მეგობრები.
ხვიჩა გვირჯიშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 3 ივნისს გავრცელდა. ბოლო ერთ თვეში უკრაინაში უკვე მეორე ახალციხელი დაიღუპა. ავდეევკის მიმართულებით ახალციხელი ბესო ლომიძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მაისის დასაწყისში გავრცელდა.
არსებული ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.