ავტოსადგურების სერტიფიცირებისთვის ფასები განისაზღვრა
„სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა.
ცვლილებების მიხედვით, განისაზღვრა ავტოსადგურის სერტიფიცირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასური:
1-ელი კლასის ავტოსადგურის – 10 000 ლარი;
მე-2 კლასის ავტოსადგურის – 5 000 ლარი;
მე-3 კლასის ავტოსადგურის – 1 000 ლარი.
ამასთანავე, საქართველოს ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის გადამზიდველის მიერ განხორციელებული ერთჯერადი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის (დადგენილი კვოტის ზევით) დაჩქარებული ნებართვის საფასური 100 ლარი იქნება და ნებართვა 1 დღის ვადაში გაიცემა.
ბრძანებას ხელს აწერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი და ის ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.