საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.
მატჩში პირველი გოლი 94-ე წამზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, მან გიორგი მიქაუტაძის გადაცემა გამოიყენა. 57-ე წუთზე თავად მიქაუტაძემ გაიტანა, მან პენალტი ზუსტად შეასრულა.
უეფა-მ საქართველოსა და პორტუგალიის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა. ხვიჩა მთელი შეხვედრის განმავლობაში ძალიან აქტიური იყო. გოლის გარდა, მან კარში ზუსტად ორჯერ დაარტყა, ორიდან ორი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა, რვა დუელი მოიგო და მეტოქეები ოთხჯერ დააჯარიმა.
საერთაშორისო ანალიტიკურმა პორტალმა, Sofascore-მა კვარაცხელიას თამაში 7.9 ქულით შეაფასა.
პორტუგალიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა „ოქროს ბურთის“ ხუთგზის გამარჯვებული კრისტიანო რონალდო, რომელსაც მატჩის შემდეგ მაისური ხვიჩა კვარაცხელიამ გაუცვალა.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში ჩეხეთთან საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილი აირჩიეს.
საქართველოს ნაკრებს მერვედფინალის ისტორიული საგზურის მოპოვებას საფრანგეთის საელჩოც ულოცავს.
„ბრავო! ვულოცავთ საქართველოს ნაკრებს არაჩვეულებრივ თამაშს ევრო 2024-ზე და მერვედფინალის ისტორიული საგზურის მოპოვებას!
ბედნიერები ვართ, რომ ეს ლამაზი ევროპული თავგადასავალი გრძელდება ქართველი მოთამაშეებისა და გულშემატკივრებისთვის.
ქართული ფეხბურთი იმსახურებს ადგილს გრანდებს შორის!“,- აღნიშნავენ საელჩოში.