ორფოლოში მე-11 ბატალიონმა საველე სწავლება დაასრულა
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 მსუბუქი ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა, ორფოლოს პოლიგონზე საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა. სწავლება ოთხი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სწავლების დასრულებასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საველე სწავლების მთავარ მიზანს მხარდამჭერ ელემენტებთან ერთად, კოორდინირებული მომზადება წარმოადგენდა.
„დასკვნით ფაზაში, თავდაცვითი ოპერაციის რაიონში, „ბრავო“ ასეულს მხარი პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 მსუბუქმა ქვეითმა ბატალიონმა, საინჟინრო ასეულმა, 82 მმ-იანი ნაღმმტყორცნების ოცეულმა და სნაიპერთა ჯგუფმა დაუჭირა.
გეგმური სწავლება დამკვირვებელ-მაკონტროლებლების მიერ დადებითად შეფასდა. სწავლების მიზანს მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინირებული მომზადება წარმოადგენდა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.