საზოგადოება
გიორგი ვოლსკიმ სომეხ კოლეგას სამცხე-ჯავახეთში უმასპინძლა
საქართველოსა და სომხეთის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფის წევრები ვარძიის სამონასტრო კომპლექსს ესტუმრნენ. ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა ისტორიული ძეგლის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და სამონასტრო კომპლექსში არსებული ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, ბერ-მონაზვნებისთვის განკუთვნილი კელიები, სატრაპეზო და ღვინის მარანი დაათვალიერეს.
ორი დღის განმავლობაში განხილული საკითხები და მათი მნიშვნელობა სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, გიორგი ვოლსკიმ შეაჯამა.
„სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, უკვე დიდი ხანია, არსებობს და ერთმანეთთან ურთიერთობის საკმაოდ კარგი ტრადიცია აქვს. ორი დღის განმავლობაში ახალქალაქსა და ახალციხეში საინტერესო და საქმიანი შეხვედრები გავმართეთ, დღეს კი ვარძიის სამონასტრო კომპლექსი დავათვალიერეთ. საინტერესო თემები მიმოვიხილეთ, მათ შორის ვისაუბრეთ კულტურულ მემკვიდრეობაზე და იმ საკითხებზე, რომლებიც ისტორიულად აერთიანებს, აახლოებს ჩვენს ქვეყნებს და მოსახლეობას“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
როგორც მეგობრობის ჯგუფის წევრმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, მეგობრობის ჯგუფების ორმხრივი ვიზიტები თანამშრომლობის კარგი ფორმატია.
„აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო დელეგაციები მაღალი რანგით არიან წარმოდგენილი და მეგობრობის ჯგუფებს ყოველთვის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები ხელმძღვანელობენ. ვიზიტის ფარგლებში საინტერესო შეხვედრები გაიმართა, ჩვენი სომეხი კოლეგებისგან მათ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ბევრი სიახლე მოვისმინეთ, საერთაშორისო მოვლენებთან დაკავშირებით აზრები გავცვალეთ. ასევე ვისაუბრეთ კულტურული და ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებებზე“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
გიორგი ვოლსკიმ სომეხ კოლეგას, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილეს, სომხეთი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, რუბენ რუბინიანს ორი დღის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში უმასპინძლა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
გააზიარეთ :