ახალქალაქში გველების მომრავლებაზე ჩივიან
ახალქალაქში, ყოფილი სამხედრო ქალაქის დასახლების მცხოვრებლებმა შენობების ეზოში გველები შენიშნეს. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.
„დაახლოებით 5 წელია აქ ვცხოვრობ, ამდენი გველი აქამდე არასდროს შემიმჩნევია. რამდენიმე დღის წინ ჩემი შვილი შეშინებული მოვიდა, თამაშის დროს გველები შეუნიშნავს, ახლა გვეშინია ბავშვების ეზოში სათამაშოდ გაშვება, არც კი ვიცით შხამიანია თუ არა, ყოველ შემთხვევაში ძალიან საშიშია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, – ამბობს ერთ-ერთი მცხოვრები გ.ო.
მოსახლეობა ადგილობრივ ონლაინგამოცემა JNEWS-სთან ჰყვება, რომ არ იცის ვის მიმართოს პრობლემის მოსაგვარებლად. საქართველოში არ არსებობს გველების შემთხვევაში საფრთხის პრევენციისა და სწრაფი რეაგირების სისტემა, თუმცა ქვეყანაში 24 სახეობის გველია, რომელთაგან ოთხი შხამიანია: გველგესლა, სტეპის გველგესლა, კავკასიური გველგესლა და გრძელცხვირა გველგესლა.