საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 და 22 აგვისტოს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მოსალოდნელია ტემპერატურის მატება. რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი.
ამასთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს.
"მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად ნუ დაანაგვიანებთ გარემოს. დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ დარეკეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში" - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.