საზოგადოება
აბასთუმანში, მშენებლობის დროს უძველესი არტეფაქტები აღმოჩნდა
ამ ნაგებობებმა შესაძლოა, არქეოლოგები დაკარგული და განადგურებული უძველესი ქალაქის, ოძრხეს კვალზე გაიყვანოს, რომელიც არაბთა შემოსევის დროს, მე-8 საუკუნეში განადგურდა. ტერიტორიაზე, სადაც სავარაუდოდ, ადრეფეოდალური ხანის ნაგებობებია აღმოჩენილი, ახლა მდიდრული სახლები შენდება. მშრალი წყობით ნაშენი კედლები და ძვლები სწორედ მათი მშენებლობების დროს, მთის კალთის მოჭრისას გამოჩნდა. გათხრების გარეშე, შეუიარაღებელი თვალით ჩანს, რომ აქ რამდენიმე ათეული მეტრის სიგრძეზე და 2-3 მეტრის სიმაღლეზე კედელია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ტერიტორიის გათხრისას სავარაუდოდ, მარცვლეულის შესანახი არაერთი ხარო გამოჩნდა, რომელიც მუშებმა ისევ მიწით ამოავსეს და რამდენიმე მათგანის კვალი გააქრეს.
ტერიტორიაზე წესით, სპეციალისტები უნდა მუშაობდნენ, თუმცა ადგილზე მისულ ფორმულას გადამღებ ჯგუფს მხოლოდ მუშები დახვდნენ. მათი თქმით, ნამოსახლარის აღმოჩენის შემდეგ აქ არავინ გამოჩენილა, ტერიტორია არქეოლოგებს არ შეუსწავლიათ და მშენებლობაც ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.
ჰქონდათ თუ არა ინფორმაცია აბასთუმანში აღმოჩენის შესახებ და რატომ არ დაინტერესდა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო - ამ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ, უწყებაში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. ისტორიკოსები ამბობენ, რომ აბასთუმანში მშენებლობა უნდა შეჩერდეს, ადგილზე არქეოლოგიური სამუშაოები დაიწყოს, რამაც შესაძლოა, სპეციალისტები უძველესი ნასახლარის, ოძრხეს აღმოჩენამდე მიიყვანოს.
,,როგორც ჩანს მშენებლობა შესაჩერებელია, რადგან ძალიან უძველესი რამ დაფიქსირდა. ეს არის ალბათ ისტორიული ციხე-ქალაქ ოძრხეს ციხისა და მიმდებარე დასახლების ნაშთები. ეს ქალაქი და თვითონ ციხე აკონტროლებდა ორ შემოსასვლელს. შესაძლებელია, სწორედ ეს არის არაბების შემოსევის ყველაზე დიდი კვალი, რომლებიც გზაზე არაფერს ტოვებდნენ და როგორც ჩანს, ეს ფენა ყველაზე მეტად შემორჩა.
ყოველშემთხვევაში სასწრაფოდ არის მშენებლობა გასაჩერებელი, აუცილებლად უნდა ეცნობოთ არქეოლოგებს და დაიწყოს იქ გაწმენდითი, გათხრითი სამუშაოები. შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი რამ აღმოჩნდეს, იქ ძალიან ბევრი ძვალია, შეიძლება იყოს ცხოველთა ძვლებიც, რადგან ,ესაქონლეობა იქნებოდა განვითარებული, ადამიანები, სამარხები" - აღნიშნავს ისტორიკოსი ცირა მესხიშვილი.
ამ სახლებს ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია შპს „ვილა აბასთუმანი“ აშენებს. მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორს აქვს ვალდებულება არტეფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართოს სახელმწიფოს, ეს ამბავი მხოლოდ ადგილობრივების წყალობით გახმაურდა. ძველი კედლები თამთა ჭანტურიამ შენიშნა და შესასწავლად არქეოლოგების ჩართვა ითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტებმა აბასთუმანში აღმოჩენილი ნამოსახლარის შესახებ იციან, ტერიტორიაზე ამ დრომდე არავინ გამოჩენილა.
,,გზიდან დავინახეთ, დავინტერესდით რა იყო, მივედით და აღმოჩნდა უზარმაზარი კედელი. გასაგებია, რომ მშენებლობა მიდის, შენდება და მშვენდება აბასთუმანი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს ადგილი არის ისტორიული. ალექსანდრე მაკედონელის უძველეს წყაროებში ნახსენებია ოთხი დიდი ქალაქი და მათ შორის არის ოძრხე. ეს ოძრხე კი არათუ შესწავლილი, აღმოჩენილიც არ არის. რეალურად ჩვენ ვდგავართ დიდი აღმოჩენის ზღვარზე. იმ ადგილას მიდის მშენებლობა. ჯერ აღმოაჩინონ, შეისწავლონ ეს ადგილი. არქეოლოგები უკვე უნდა მუშაობდნენ, გათხრები მიდიოდეს. სად არის მონიტორინგი, ხომ უნდა მოვიდეს, შეისწავლოს. ნორმალურ ქვეყანაში ასე ხდება" - აცხდებს თამთა ჭანტურია.
თუ მიწის სამუშაოების დროს ძველი ნაგებობის კვალი აღმოჩნდება, კანონი მშენებელს ავალდებულებს, რომ არქეოლოგიური გათხრები საკუთარი სახსრებით ჩაატაროს. სპეციალისტების თქმით, სწორედ ეს უწყობს ხელს, რომ კომპანიები ხარჯის თვიდან ასარიდებლად, ხშირად ანადგურებენ არტეფაქტებს და აღმოჩენის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს არ ატყობინებენ. შპს „ვილა აბასთუმანი“, რომელიც ვალდებულია ტერიტორია შეისწავლოს, ხშირად, ქონებას პირდაპირი მიყიდვის წესით ეუფლება. მისი მეწილეები „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველები არიან. დავით ბალანჩივაძეს 2016 წლიდან, „ქართული ოცნებისთვის“ 415 ათასი ლარი აქვს შეწირული, ზურაბ კიკნაძეს კი - 145 ათასი ლარი. ზურაბ კიკნაძე ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, ამიტომ არ ვიცით, ჩააყენა თუ არა საქმის კურსში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მშენებელმა.
გააზიარეთ :