ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 185 000 შინაურ ცხოველს ჩაუტარდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია ქვეყნის მასშტაბით ჩაუტარდა 185 000 შინაურ ბინადარ ცხოველს (ძაღლი, კატა), მათ შორის, კახეთის რეგიონში ვაქცინირებულია 27 300 ძაღლი და კატა. სააგენტოს მიერ განხორციელებული ვაქცინაცია არის უფასო და გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით 2013 წლიდან ახორციელებს. ფიზიკური ან იურიდიული პირის (მათ შორის, ცხოველთა თავშესაფარი) მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს პათოლოგიური მასალის უფასო ლაბორატორიულ კვლევას.
როგორც სააგენტოში ამბობენ, პროფილაქტიკის მიზნით, ყოველწლიურად სურსათის ეროვნული სააგენტო 300 000 სულ ძაღლსა და კატას ცრის, რის შედეგადაც, 2012 წელთან შედარებით, ცოფის შემთხვევები ცხოველებში 80%-მდეა შემცირებული.