„ბორჯომის კეთილმოწყობის“ დირექტორის შვილმა სახელმწიფო შესყიდვებით მილიონამდე ლარი მიიღო - TI
მუნიციპალური შპს „ბორჯომის კეთილმოწყობის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ჯემალ გოგოლაძის შვილს, ზურაბ გოგოლაძეს, 2019-2024 წლებში, ბორჯომის მერიისა და მისი იურიდიული პირების 32 სახელმწიფო შესყიდვით, 800 568 ლარი დაერიცხა. მან თანხის 100% უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით და პირდაპირი შესყიდვებით მიიღო - ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ავრცელებს.
მათ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რომ ჯემალ გოგოლაძე 2022 წლის აპრილიდან შპს „ბორჯომის კეთილმოწყობის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია. თუმცა, ამ უწყებაში მანამდეც მუშაობდა და 2017 წელს სატენდერო კომისიის წევრიც იყო.
მისმა შვილმა, ზურაბ გოგოლაძემ, 2019 წლის 21 მარტს შპს „წყალსადენი 2012“ დააფუძნა და თვენახევარში, ბორჯომის მერიიდან სარწყავი არხის მოსაწყობად პირდაპირი შესყიდვაც მიიღო. შპს „წყალსადენი 2012”-ს, 2019-2023 წლებში, 17 პირდაპირი შესყიდვით 462,341 ლარი დაერიცხა. კომპანიამ ყველა შესყიდვა ბორჯომის მერიიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ძირითადად სასმელი წყლის მილსადენების, ასევე სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაციისთვის მიიღო.
2020 წელის 22 დეკემბერს ზურაბ გოგოლაძე ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა. ორ დღეში, 24 დეკემბერს ააიპ „ბორჯომის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის“ 60,000-ლარიანი ტენდერი, უკონკურენტოდ მოიგო. მან 2020-2024 წლებში ბორჯომის მუნიციპალური ააიპ-ების ყველა (9) ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო და აქედან ჯამურად 320,000 ლარი მიიღო. ასევე, ბორჯომის მერიამ და მისმა იურიდიულმა პირებმა 6 პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულებები გაუფორმეს 18,227 ლარზე. როგორც ინდივიდუალურმა მეწარმემ, ჯამურად 338,227 ლარის 15 სახელმწიფო შესყიდვა მიიღო, ძირითადად, სატრანსპორტო საშუალებებისა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთებაზე.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს პროკურატურასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს შპს „წყალსადენი 2012-სა“ და ზურაბ გოგოლაძის სახელმწიფო შესყიდვები და გამოარკვიოს, აქვს თუ არა ადგილი შესაძლო კორუფციულ გარიგებებს მასსა და შემსყიდველ ორგანიზაციებს შორის.