საზოგადოება
ხმის უფლება ემიგრანტებისთვის - რას ფიქრობენ არჩევნებზე საზღვარგარეთ მყოფი თანამოქალაქეები
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს საქართველო 245 064 პირმა დატოვა. წინა წლის მონაცემებს თუ შევადარებთ, ეს 95.6%-ით მეტია. საზღვარგარეთ, სამუშაოდ წასული მოქალაქეები სამშობლოში დარჩენილი ოჯახებისთვის ხშირად, შემოსავლის ძირითადი წყარო არიან.
ემიგრანტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, იზრდება სამშობლოში გამოგზავნილი თანხა. 2023 წელს საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა 4.1 მილიარდ დოლარზე მეტი გადმორიცხეს, აქედან 1.3 მილიარდ დოლარამდე - ევროკავშირის ქვეყნებიდან.
ბელა მოდებაძე
როცა ახალციხელმა ბელა მოდებაძემ ოჯახის რჩენა ვეღარ შეძლო, 35 წლის ასაკში ყველაზე რთული გადაწყვეტილება მიიღო - 12 და 15 წლის შვილები სამშობლოში დატოვა და 2016 წლის ნოემბერში სამუშაოდ იტალიაში წავიდა.
„ეს გადაწყვეტილება ჩემთვისაც ისეთივე რთული მისაღები იყო, როგორც ყველა ემიგრანტისთვის. გაცნობიერებული გაქვს, რომ ტოვებ ოჯახს, შვილებს. რა გელოდება ნახევრად იცი, წარმოდგენა არ გაქვს შემდეგ რისი გადატანა მოგიწევს. ყველაფერი სოციალური პრობლემებიდან მიდის, რომელიც გაიძულებს, რომ ან დატოვო ქვეყანა, ან ვერ მიაღწიო შენს მიზანს - შვილების სწავლა-განათლებას. სხვა მიზეზი არ მქონია, მხოლოდ შვილების გამო შეიძლება გადადგას დედამ ეს ნაბიჯი, ამის გამო ვარ ემიგრანტი“, - გვიყვება ბელა. ის ახლა 43 წლისაა და რვა წელია ემიგრაციაშია. ამბობს, რომ სამშობლოდან და ოჯახისგან შორს ყოფნა ახლაც მისი იძულებითი არჩევანია.
„ყოველთვის ჩაკეტილ სამსახურებს ვეძებ, არსად გახედვის სურვილი არ მაქვს ჩემი სამშობლოს გარდა. აქ კარგად მაშინ ვარ, გარეთ რომ გავალ და ჩემი ხალხის ხმა, ქართული საუბარი მესმის“.
სამშობლოში დაბრუნება ორჯერ სცადა - ერთხელ 2018 წელს, როცა გადაწყვიტა, რომ დრო იყო ოჯახთან ერთად გაეგრძელებინა ცხოვრება, თუმცა სამთვენახევარში იძულებული გახდა უკან, იტალიაში დაბრუნებულიყო. მეორედ საქართველოში 2022 წელს ჩამოვიდა, თუმცა მხოლოდ ოთხი თვე მოუწია გაჩერება.
„როცა ფული შემოგაკლდება, სამსახურს ვერ ნახულობ, გასაქანი არ გაქვს... მცდელობა მქონდა ისევ დამეწყო მუშაობა ახალციხეში და უკან აღარ დავბრუნებულიყავი, მაგრამ სამწუხაროდ, არ იყო არაფერი. აღარ არის იმაზე ლაპარაკი, რომ ის აკეთო რაც გიყვარს, ელემენტარულსაც ვეღარ ნახულობ“.
ბელა მოდებაძე
სამშობლოში ყოველი დაბრუნების შემდეგ, გარემო უფრო და უფრო გაუცხოებული იყო, მშობლიურ ქალაქსა თუ ოჯახში ყველაფერი შეცვლილი ხვდებოდა.
„2022 წელს რომ ჩამოვედი, ბანკში ჩემი მონაცემებიც კი გამქრალი იყო. ოპერატორმა რომ შემატყო სახეზე მეტირებოდა, თვითონაც აეტირა, არ ინერვიულოთ, ყველაფერს აღვადგენთო. მონაცემებს ჩახედა და ადრე პედაგოგი ყოფილხართ, ახლა რა ჩავწეროო, არ ვიცი - მეთქი, ვუთხარი. ჩამიწერეს „ემიგრანტი“. ჩემი პირადობის მოწმობაც ვეღარ გამოვიყენე, საშინელი შეგრძნებაა, აი, ამიტომ არ მინდა აქ ყოფნა“.
ერთი და იგივე მიზეზით - მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, ემიგრაციაში არიან ბელას დედა, ორი და და ძმა.
„განუსაზღვრელი ვადით ვართ, არავინ იცის როდის დაბრუნდებიან. აქ 70 წლის ქართველი ქალები არიან, უკვე თავად სჭირდებათ მოვლა, მაგრამ აქ ბადანტეებად (მომვლელად) მუშაობენ“.
ბელას ვკითხე, როგორი ვითარება უნდა იყოს ქვეყანაში, რომ ის და მისი ოჯახი სამშობლოს დაუბრუნდნენ.
„ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ვართ ემიგრაციაში. ყველანი ვართ შრომისუნარიანი, რომლებსაც შეგვიძლია ვიშრომოთ და გავაკეთოთ ყველაფერი ჩვენი სამშობლოსთვის. შესაბამისი განათლება და უნარები აქვს ამ ხალხს. დასაქმების სპეციალური პროგრამა უნდა იყოს და ჩვენი ეტაპობრივი დაბრუნების, სხვა პერსპექტივას არ ვხედავ. სულ პატარა, ელემენტარული შემოსავალი გვინდა".
ბელა მოდებაძე ახლა შვეიცარიის საზღვართან, კომოს პროვინციაში ცხოვრობს. ამბობს, რომ მის გარშემო დასახლებებშიც ბევრი ქართველია. მათი დიდი სურვილის მიუხედავად, არჩევნებში მონაწილეობას ვერც ერთი ახერხებს.
„რვა წელია ვცდილობ სადმე ახლო-მახლო მივცე ხმა და არჩევნებში მონაწილეობა ვერც ერთხელ მივიღე. როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს - ამაზე საკონსულომ უნდა იფიქროს. აქ რომ ერთი უბანი გაიხსნას, ნებისმიერი მოახერხებს ოჯახიდან ორი საათით გამოსვლას და ხმის მიცემას. მილანში რომც გახსნან უბანი, შვება არ არის ჩვენთვის, ვერ მოვასწრებთ ჩასვლას, ხმის მიცემას და უკან დაბრუნებას. თავისუფალ დღეს არავინ გვაძლევს საარჩევნოდ“, - წუხს ბელა.
მერი ენდელაძე
იტალიისგან განსხვავებული სიტუაციაა ისრაელში. აქ არალეგალების ნაწილს აქვს შიში, რომ საარჩევნო უბანზე მისვლის გამო, მათი მონაცემები დაფიქსირდება და ოფიციალური უწყებები ქვეყანას იძულებით დაატოვებინებენ. დეპორტაციის შიშით, ადიგენელი ემიგრანტი მერი ენდელაძე ამბობს, რომ საქართველოს არაერთი მოქალაქე ხმის მიცემის უფლებით არ ისარგებლებს.
„ძირითადად, უსაბუთო ხალხთან მაქვს შეხება და უმეტესობა იკავებს თავს იმის გამო, რომ მერე რაიმე საფრთხე არ შეექმნათ. რეალური საფრთხის წინაშე დავდგებით, რომ შეიძლება გამოგვიშვან. ეს იქნება ერთადერთი, რის გამოც თავს შეიკავებენ. არადა ყველა იმ აზრზე ვართ, რომ ქვეყანა უკან-უკან მიდის და რაღაც უნდა შეიცვალოს. ჯერ არ ვიცი რას ვიზამ - წავალ თუ არა. რომ მეგულება რაღაცის გაკეთება შემიძლია ქვეყნისთვის, შეიძლება ვერ გავჩერდე და წავიდე ხმის მისაცემად“, - გვიხსნის მერი.
არჩევნებამდე 40 დღით ადრე ემიგრანტებს აქვთ ინფორმაცია, რომ ისრაელში რამდენიმე უბანი გაიხსნება და ხმის მიცემის შესაძლებლობა ექნებათ. საკონსულოს ამ დრომდე არ ჰქონია საინფორმაციო სახის ბიულეტენები ან მესიჯები ემიგრანტებისთვის.
„ისრაელში ომი რომ დაიწყო ერთი წლის წინ, ნახევარზე მეტს ბარგი ჩალაგებული გვქონდა, არ ვიცოდით რა სიტუაცია იყო და შეიძლებოდა წამოვსულიყავით. მაშინ საკონსულომ ყველა - საბუთიანიც და უსაბუთოც აღრიცხვაზე დააყენა, ყველას შესახებ აქვთ ინფორმაცია. ითქვა, რომ როცა არჩევნები იქნება საქართველოში, ისრაელში რამდენიმე უბანი გაიხსნება და ნებისმიერს შეეძლება ხმის მიცემაო, არ ვიცი რამდენად რეალურია ეს. არც ის ვიცი, აშდოთში თუ იხსნება საარჩევნო უბანი“.
მერი ენდელაძე
მერი ენდელაძე სამწელიწადნახევარია ემიგრანტია. მარტოხელა, ორი შვილის დედა სოციალურმა მდგომარეობამ აიძულა, რომ ისრაელში სამუშაოდ წასვლაზე დაეწყო ფიქრი. 7 და 12 წლის შვილები მშობლებთან დატოვა და აშდოთში წავიდა.
„ფუფუნებისთვის არ ვარ წამოსული, ვარ იმისთვის, რომ სახლი ავაშენო და წამოვიდე. ამისთვის მინიმუმ, ორი წელი მჭირდება. დიდი ხანი გაჩერებას არ ვაპირებ, არ შემიძლია 10 და მეტი წელი დავრჩე, არ ვარ ემიგრანტობისთვის დაბადებული. ბოლო ერთი წელია მყარად ვდგავარ, მიზანზე ვფიქრობ, ემოციებს მოვერიე. წინა წლებში ყოველ დღე ვფიქრობდი - ჯანდაბას ყველაფერი, წავალ სახლში-თქო. სანამ ენა ვისწავლე, სანამ ხალხი გავიცანი, სამუშაო დავასტაბილურე, ძალიან გამიჭირდა. შვილების მონატრებას რაღაცნაირად ვუმკლავდები, სხვა გზა არ არის, ფსიქოლოგიურად შეიშლები ადამიანი“.
მერი სამშობლოში დაბრუნებაზე ერთხელ ისრაელ-პალესტინის ომის დაწყებისას დაფიქრდა და მეორედ, როცა ე.წ. „რუსული კანონის“ მიღების გამო, საქართველოში საპროტესტო ტალღა დაიწყო.
„ვგრძნობდი, რომ თითოეული ქართველს ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. მაგ დროს შემიძლია არც დავფიქრდე, ავდგე და წამოვიდე. ყველა ემიგრანტისთვის ძალიან ძნელია აქედან უყურო სიტუაციას. ეჭვგარეშეა, რომ ეს მთავრობა უნდა შეიცვალოს, ვერანაირად ვერ ვერგები მათ შეხედულებებს, არანაირ ჩარჩოში არ ჯდებიან, მაგრამ ვერ ვხედავ უკეთესს, ძლიერს, რომ მის მხარეს დავდგე. ყველაზე მეტად ემიგრანტებს გვინდა მალე დალაგდეს სიტუაცია, რომ განძრევის საშუალება მოგვეცეს ჩვენს ქვეყანაში.“
თამუნა გიორგაძე
ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავება მხოლოდ ემიგრაციაში წასვლით შეძლო თამუნა გიორგაძემაც. საქართველოში არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოძებნა ისეთი სამსახური, რომელიც ღირსეულ შრომის ანაზღაურებას სთავაზობდა. ოჯახის რჩენა დღითი დღე უძნელდებოდა. ბევრი ყოყმანის შემდეგ, 2022 წელს მიიღო მისთვის რთული გადაწყვეტილება, 14 და 11 წლის შვილები ქმართან დატოვა და იტალიაში წავიდა.
„ემიგრაციაში სიდუხჭირის გამო წავედი, რათა შვილების რჩენა შემძლებოდა და ჰქონოდათ უკეთესი მომავალი. ქმარი ავადმყოფი მყავდა, სახლი - დანგრეული. ნახევარი სახლი სრულად დამენგრა და მერია მხოლოდ 500 ლარით დამეხმარა, მეტი არაფერი. წინასაარჩევნო პერიოდი იყო და ეგეც იმიტომ მომცეს. საქართველოში ძალიან ბევრ ადგილზე ვმუშაობდი. მაღაზიაშიც ვიმუშავე, სკოლაშიც. 200 ლარად რომ მაღაზიაში დილიდან საღამომდე დაჯდები, ვერც ოჯახს შეინახავ და ვერც დანგრეულ სახლს შეაკეთებ. ფუფუნების საგნებზე არ ვსაუბრობ. შვილებს განათლება მისცე და სახლი გქონდეს ნორმალური - ეს არის ჩემთვის მთავარი“, - ამბობს თამუნა. ის ახლა 40 წლისაა და მესამე წელია იტალიის ქალაქ ნეაპოლშია.
თამუნას უფროსი შვილი უკვე მე-12 კლასელია. დედა აპირებს, რომ გაზაფხულზე, შვილის ბოლო ზარისთვის ჩამოვიდეს. სწორედ ამ დროს გადაწყვეტს დარჩეს საქართველოში, თუ ისევ ჩაალაგოს ჩემოდანი და ემიგრანტის რთულ გზას ხელმეორედ დაადგეს.
„მინდა ჩავიდე საქართველოში, შევხედო, რა სიტუაცია დამხვდება. თუ სადმე გამოჩნდება სამსახური, უკეთესი რომ არ იქნება ვიცი, მაგრამ ელემენტარული ხელფასით, რომ შვილების რჩენა შევძლო, აღარ დავბრუნდები იტალიაში. თუ არა და ისევ მომიწევს წამოსვლა, სხვა გზა არ მექნება. აბიტურიენტი მყავს უფროსი ბიჭი და ახლა უფრო მეტი სჭირდებათ, რა იქნება არ ვიცი“.
თამუნა ამბობს, რომ კარგად აცნობიერებს, რისი გაკეთება შეუძლია საზღვარგარეთიდან საკუთარი ქვეყნისთვის - ეს 26 ოქტომბერს საარჩევნო უბანზე მისვლა და ხმის მიცემაა. როგორ შეძლებს არალეგალი ამას, დეტალების გარკვევა უკვე დაიწყო.
„ქართველებმა თქვეს, რომ ნეაპოლში საარჩევნო უბანი იხსნება. რეგისტრაციის ეტაპი ბოლომდე არ გამივლია. ბევრს უნდა წასვლა არჩევნებზე, განსაკუთრებით, ვინც სიტუაციაში ერკვევა. ქვეყანაში ცვლილებებია საჭირო, ჩემნაირმა დედებმა უნდა შეძლონ, რომ შვილებთან იყვნენ. ყველა ემიგრანტს უნდა, რომ ჩამოვიდეს, სამსახური მანდ ნახოს და უკან დაბრუნება არასდროს მოუწიოს. ეს არის უმთავრესი. ემიგრაციიდან დაბრუნებულებს კი არა, მანდ მაცხოვრებლებს ვერ ასაქმებს ხელისუფლება და ამდენი ემიგრანტი სად წამოვიდეთ?
თამუნა გიორგაძე
სამშობლოში არსებული ვითარება ემიგრაციიდან კიდევ უფრო სხვანაირად ჩანს. ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე მეტად, თამუნა გიორგაძეს საქართველოს ევროპული მომავალი უფრო აღელვებს.
„კიდევ უფრო მთავარია რუსეთის გარეშე ვიცხოვროთ. მაგ ქვეყანას ჩვენი დაპყრობის მეტი არაფერი უნდა. აქ მყოფი ქართველებიდან არავის უნდა რუსეთთან ურთიერთობა, მათ შორის ასაკიანებსაც. საქართველოში უფრო შემხვედრია ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ რუსეთი ჩვენი მეგობარია, აქ ეგეთი არავინ მინახავს. ალბათ იმიტომ, რომ აქ ვხედავთ როგორ ცხოვრობენ ევროპელები. ჩვენთან, საქართველოში მოხუცი პენსიას რომ აიღებს, ან წამალი უნდა იყიდოს, ან საკვები - ორივეს ვერ ყიდულობს, რომელიმეზე უარი უნდა თქვას. აქ კიდევ ისეთი პენსია აქვთ, ღირსეულადაც ცხოვრობენ და დასასვენებლადაც დადიან. ასეთი სიბერე გვინდა. იმედია, არ მოგვიწევს რუსეთისკენ დაძვრა. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერში რუსეთის მხარდამჭერია. მარტო მე კი არა, აქაური ხალხიც იმას ამბობს, თქვენ მთავრობას ევროპა არ უნდაო. ვისაც ვუვლი, იმ ბებიის შვილთან ვსაუბრობდი, იმედი მაქვს წავალ საქართველოში და აღარ მომიწევს დაბრუნება-თქო, მითხრა, ეგ არა მგონია, რუსული მთავრობა გყავთ და როგორ შეხვალთ ევროპაშიო“, - წუხს თამუნა.
გააზიარეთ :