საერთაშორისო გადამზიდავების საგზაო ინსპექტირება განხორციელდება
გზისპირა ზონებში, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო გადამზიდავების საგზაო ინსპექტირება განხორციელდება. აღნიშნულის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბრძანებაშია საუბარი.
დოკუმენტის თანახმად, M2, M3, N1, N2, N3, O3, O4 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება ინსპექტირების დეპარტამენტს დაევალება, რომელიც თავის მხრივ, შედგება დასავლეთ საქართველოს საგზაო ინსპექტირების, აღმოსავლეთ საქართველოს საგზაო ინსპექტირებისა და პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების სამმართველოებისგან.
შემოწმების შედეგად გამოვლენილი ისეთი დარღვევების შემთხვევაში კი, როგორიცაა: სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გაუმართაობა, ტვირთების გადაზიდვის წესების დარღვევა, საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტის გამოყენების წესების არ დაცვა და ა.შ, კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები გატარდება.
როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვკითხულობთ, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 500-იდან 5000 ლარამდე.
ამასთან, საგზაო ინსპექტირების შედეგად ისეთი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც მიუთითებს, რომ შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობა საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობას, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სათანადო ორგანოს წარმომადგენელი უფლებამოსილია მძღოლს შეუზღუდოს ამ სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება აღნიშნული დარღვევის აღმოფხვრამდე.
დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული ბრძანება 2025 წლის 4 იანვრიდან ამოქმედდება.