28 სექტემბერს შინაური ცხოველების უფასო ვაქცინაცია ჩატარდება
28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა, ამასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, შინაური და მიკედლებული ცხოველების უფასო ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებსა და სააგენტოს რეგიონულ ოფისებთან გაიმართება.
წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილია - გადავლახოთ ბარიერები ცოფთან ბრძოლაში.
"მნიშვნელოვანია, ყველა რგოლის ჩართულობითა და კოორდინირებული მუშაობით, ერთად გავუმკლავდეთ ცოფთან ბრძოლის პროცესში არსებულ წინაღობებს და მივაღწიოთ საერთო მიზანს"- ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული დღე ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივითა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მხარდაჭერით 2007 წელს დაწესდა. საქართველო აღნიშვნას 2013 წლიდან ყოველწლიურად უერთდება.