ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება მცირდება
2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიით, 11 სამინისტროდან 10-ში ბიუჯეტის ზრდაა დაგეგმილი, ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 200,7 მლნ ლარით მცირდება.
ყველაზე მეტი თანხა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვისაა გამოყოფილი. უწყებას დაფინანსება 870.9 მლნ ლარით ეზრდება და 8 700,0 მლნ ლარით განესაზღვრა.
პროექტის პირველადი ვერსიით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 377 მლნ ლარით იზრდება და 2 885.0 მლნ ლარით განისაზღვრა.
როგორც დოკუმენტში აღნიშნული, სკოლამდელი და ზოგადი განათლების დაფინანსება 233.3 მლნ ლარითაა გაზრდილი და 1 808,3 მლნ ლარი იქნება.
„აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ივლისიდან, საჯარო სკოლების მასწავლებელთა გაზრდილი ანაზღაურების სრული წლით დაფინანსება. ამავე პროგრამის ფარგლებში 70,0 მლნ ლარია გათვალისწინებულია საჯარო სკოლების კომპიუტერული ტექნიკითა და ლაბორატორიებით აღჭურვისათვის. ასევე გათვალისწინებულია მანდატურებისა და საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასების ზრდა; ამასთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება 395,0 მლნ ლარზე მეტი სამინისტროს ბიუჯეტიდან. ამასთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულ ასიგნებებთან ერთად გამოყოფილია 561,0 მლნ ლარზე მეტი“, - აღნიშნულია ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიაში.