რატომ შეფერხდა აშშ-დან საქართველოში ავტომობილების იმპორტი
"აშშ-ში დოკერების [ნავსადგურის თანამშრომლების] გაფიცვამ საქართველოში მანქანების გამოგზავნა შეაფერხა", - ამის შესახებ BMG-სთან ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ალექსი ნონიაძემ განაცხადა. მისი თქმით, შესაძლოა, ავტომობილების თვითღირებულებაც გაიზარდოს.
"სიტუაციის გამოსწორებას, სავარაუდოდ, 1 თვე დასჭირდება, ესეც საუკეთესო შემთხვევაში. შექმნილი ვითარება, რა თქმა უნდა, ავტომობილის ღირებულებას გაზრდის. გამიჭირდება იმის თქმა, ფასი რამდენით მოიმატებს.პროდუქციის დიდი მასა ამ პორტებში დაგროვდა", - განაცხადა ალექსი ნონიაძემ.
1-ელ ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროსა და მექსიკის ყურის საზღვაო პორტების თანამშრომლები გაფიცვას იწყებდნენ. მთავარი მოთხოვნა ხელფასების ზრდა იყო. დაიხურა 36 პორტი. 1977 წლის შემდეგ, ეს პირველი მასშტაბური გაფიცვა იყო, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამ დღეში მოაგვარა. მედიის ინფორმაციით, ქვეყანა მხოლოდ ერთი დღის გაფიცვით 5 მილიარდ დოლარს კარგავდა.
შეჩერებული სამუშაო პროცესების გამო, დაგროვებულია დიდი რაოდენობით ტვირთი, რაც ზრდის მათი ტრანსპორტირების დროსა და ხარჯებს აშშ-დან საქართველოში ავტომობილების ტრანსპორტირებაზე. " კავკასიის ავტოიმპორტი" გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ვინც უკვე შეიძინა ავტომობილი გაძვირებული ტარიფით, ღირებულება დაკორექტირდება და დაბრუნდება გაფიცვამდე არსებულ ნიშნულზე.
,,მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე აშშ-ს აღმოსავლეთისა და მექსიკის ყურის პორტის თანამშრომლების გაფიცვა დასრულდა.
შეჩერებული სამუშაო პროცესების გამო, დაგროვებულია დიდი რაოდენობით ტვირთი, რაც ზრდის მათი ტრანსპორტირების დროსა და ხარჯებს. კავკასიის ავტოიმპორტი სრულად თავის თავზე იღებს ყველა დამატებით ხარჯს, შესაბამისად, ტრანსპორტირების ღირებულებაც გაფიცვამდე არსებულ ფასს უბრუნდება. ვინც უკვე შეიძინა ავტომობილი გაძვირებული ტარიფით, ღირებულება დაკორექტირდება და დაბრუნდება გაფიცვამდე არსებულ ნიშნულზე.
ჩვენი გუნდი ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს, იმისათვის, რომ, შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, ტვირთის ტრანსპორტირება მინიმალური შეფერხებებით მოხდეს. მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის," - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.