საზოგადოება
„გაიყოლე“ – მოქალაქეები ერთმანეთს ხმის მისაცემად რეგიონებში გამგზავრებაში ეხმარებიან
თბილისში, დიდუბის ავტოსადგურზე რეგიონებში მიმავალი ტრანსპორტის ფაქტობრივად არყოფნის პირობებში, მოქალაქეები ერთმანეთს რეგიონებში წასასვლელად დახმარებას სთავაზობენ. ყველაზე მეტად მოქალაქეები ჯგუფში ,,26 • ოცდაექვსი" აქტიურობენ.
ეს კი ჯგუფ „დაიტოვეში“ ხდება, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტისას შეიქმნა. ჯგუფში უკვე ათობით პოსტია, სადაც ავტომობილის მფლობელები წერენ, რომ ამა თუ იმ რეგიონში მიდიან და რამდენიმე ადამიანის წაყვანა შეუძლიათ, ხშირად – სრულიად უსასყიდლოდ. კომენტარების მიხედვით, წასვლის მსურველი მრავლადაა.
,,დასავლეთის მიმართულება ვიკრიბებით ,,მარი მარკეტთან" და აღმოსავლეთის მიმართულება ისნის მეტროსთან, ვაჩერებთ მანქანას და შემდგომ ვაგრძელებთ გზას (25-26), ეს რო ასე იყოს ყველა შემთხვევაში და დანარჩენი დავპოსტოთ?" - წერს ლადო ამანათიძე.
ტრანსპორტის ნაკლებობაზე, ან მის სრულ არყოფნაზე მოქალაქეები სოციალურ ქსელში, სხვადასხვა ჯგუფშიც წერენ. ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი ,,ეს სამცხე-ჯავახეთია".
,,სალამი მეგობრებო! მოკლედ, დიდუბეში სასწაული ხდება, ტრანსპორტის პრობლემაა. ხვალ თუ ვინმე მიდიხართ თბილისიდან ახალციხეში და გაგვიყოლებთ 3 ადამიანს გადავიხდით მგზავრობის საფასურს" - წერს თათია აფრიამაშვილი.
,,მეგობრებო, ოკრიბაში უამრავი ადამიანიაო და შესაძლოა ყველამ ვერ შეძლოს წამოსვლა, ამიტომ გთხოვთ, ვინც მოდიხართ და გაქვთ ადგილები, ან ვინც ვერ ახერხებთ წამოსვლას საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაწერეთ, შეეხმიანეთ ერთმანეთს, თუნდაც აქ ამ პოსტზე ან უფრო მეტად აქტიურობს ჯგუფი დაიტოვე. ყველა ხმა ძვირფასია/მნიშვნელოვანია! საქართველოს მომავალი ევროპაშია" - წერს ჯაბა ნათენაძე.
გააზიარეთ :