რომელ რეგიონებში გაიცა ყველაზე მეტი სამშენებლო ნებართვა 2024 წელს
საქართველოში, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 8.2%-ით გაიზარდა, ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რიცხვი კი 16.2%-ით - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მონაცემებში.
უფრო კონკრეტულად, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 841 ნებართვა 8 566.1 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. ნებართვების 73.8 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47.4 პროცენტი მოდის თბილისზე, 10.1 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.2 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 8.1 პროცენტი - კახეთის რეგიონზე.
2024 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, წელს 9 თვის განმავლობაში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2 319.7 ათასი კვ.მ ფართობის 2 597 ობიექტი.
ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ,37.2 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 13.4 პროცენტი - კახეთის რეგიონზე, 13.1 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 8.0 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე.