როგორ შევამციროთ ავტომობილის გამონაბოლქვი
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე პოლუსი“ ავტომობილის გამონაბოლქვის შესამცირებლად სხვადასხვა გზების შესახებ აქვეყნებს პუბლიკაციას.
მძღოლებისთვის დასახელებულია რამდენიმე ხერხი, რომლითაც ისინი შეძლებენ შეამცირონ გამონაბოლქვი და ნაკლებად სახიფათო გახადონ გარემო.
ნაკლებად გადაადგილდით მანქანით
შესაძლებლობის შემთხვევაში, სასურველ პუნქტამდე გადაადგილდით ფეხით ან ველოსიპედით. თუ დასაფარი მანძილი ძალიან დიდია, სცადეთ ავტობუსით ან მატარებლით მგზავრობა. თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი თქვენი საცხოვრებელი არეალის ფარგლებში არ არის ხელმისაწვდომი, შეგიძლიათ თქვენს მეზობელთან ან მეგობართან ერთად იმგზავროთ ავტომობილით და ასე შეამციროთ მავნე აირებისა და ნივთიერებების გამოყოფა.
ნუ დატოვებთ ძრავას ჩართულს
მაშინ, როდესაც ავტომობილით უშუალოდ არ გადაადგილდებით, ნუ დატოვებთ ძრავას ჩართულს. ზამთარშიც კი თქვენი ავტომობილის ძრავას არ სჭირდება დიდი დრო გასათბობად. მსგავს სიტუაციებში საწვავის უმიზეზოდ ხარჯვა ადვილად არიდებადია. უბრალოდ გამორთეთ ძრავა, როდესაც არ გადაადგილებით.
ყურადღება მიაქციეთ ავტომობილის გამართულობას
კარგ მდგომარეობაში მყოფი ავტომობილი გაცილებით ნაკლებ მავნე ქიმიკატს გამოყოფს. მეტიც, დღესდღეობით უკვე ფართოდ არის გავრცელებული ჰიბრიდული და სრულად ელექტრო მანქანები, რომლებიც გარემოს გაცილებით ნაკლებად აბინძურებს.
მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებული ავტომობილების საკმაოდ ბევრ მოდელზე ხელმისაწვდომობა მოსახლეობის მცირე ნაწილს აქვს მაღალი ფასის გამო, ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილების წარმოების გაფართოება ხელს უწყობს მათი ღირებულების დაწევას, რაც ნელ-ნელა ხელს შეუწყობს მსოფლიო მასშტაბით მოძველებული ავტოპარკის ჩანაცვლებას.
იზრუნეთ თქვენს ავტომობილზე
უახლეს ავტომობილსაც კი სჭირდება რეგულარული შემოწმება და ტექდათვალიერების გავლა, რათა მისი გამართულობა შენარჩუნდეს.
ახალ მოდელებს აქვთ გამონაბოლქვის კონტროლის საკმაოდ კომპლექსური სისტემა. თუ ამ სისტემის რომელიმე შემადგენელი ნაწილი არ ფუნქციონირებს, თქვენი ავტომობილი ჩვეულებრივზე მეტად დააბინძურებს ჰაერს. მიაქციეთ ყურადღება ავტომობილის მაჩვენებლებს, მათ შორის ნიშანს ,,Check Engine”, რომლებიც გამცნობთ, რომ ავტომობილის სისტემაში რაღაც არ მუშაობს მწყობრად. მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ ავტომობილი სერტიფიცირებულ სახელოსნოში მიიყვანოთ, სადაც უახლესი, მაღალი ხარისხის პროდუქციის შეძენას შეძლებთ, რომლებიც გამოყენების პროცესში გარემოზე მინიმალურ უარყოფით გავლენას ახდენს.
წინასწარ დაგეგმეთ თქვენი მარშრუტი
მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის ზონაში დაახლოებით იმავე სიჩქარით სიარული საწვავის გადამეტებული მოხმარებისა და ჰაერის დაბინძურების თავიდან აცილების ერთ-ერთი ეფექტური გზაა. სწრაფი აჩქარებითა და მკვეთრი დამუხრუჭებით ავტომობილი უფრო მეტ საწვავს მოიხმარს, შესაბამისად უფრო მეტ დამაბინძურებელს გამოყოფს. გარდა ამისა, შეგიძლიათ სახლიდან გამოსვლამდე დაგეგმოთ თქვენი მარშრუტი, რათა თავიდან აიცილოთ გაუთვალისწინებელი ინციდენტები და მაქსიმალურად შეამციროთ მანქანით გადაადგილების დრო.