ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობები დამონტაჟდება
ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში, რომლებიც მგზავრთა გადაყვანას ახორციელებს, სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობები დამონტაჟდება.
ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოების“ დირექტორი ირაკლი იზორია აცხადებს, რომ რეგულაცია მიზნად ისახავს მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანას.
მისი თქმით, გარდა სიჩქარის შემზღუდავებისა, აღნიშნული ტიპის მიკროავტობუსებსა და ავტობუსებში ტაქოგრაფებიც დამონტაჟდება.
„წლებია არსებობს პრობლემა საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდებოდა მიკროავტობუსების მონაწილეობით, შედარებით ნაკლები იყო ავტობუსების მონაწილეობით. გამომდინარე იქიდან, რომ ევრო დირექტივები უნდა გაითვალისწინოს საქართველომ, არის სიჩქარესთან დაკავშირებით მთელი რიგი რეგულაციები, ერთ-ერთი არის სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობის ქონა" - აღნიშნავს იზორია.
რაც შეეხება ვადებს, იზორიას თქმით, ტაქოგრაფებისა და სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობების დაყენების ვალდებულება, 2025 წლიდან ავტოსადგურების რეგულაციების ამოქმედების პარალელურად განხორციელდება.